თბილისი 24 მაისი — Sputnik. სამეგრელოში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების ჩატარებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
კვირას, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჩხუბი „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და ამისთვის ზუგდიდში კასტეტებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მოჭიდავეები და მორაგბეები თბილისიდან ჩაიყვანა.
„ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში იქნება გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
„ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის“, — აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს არის დანიშნული, ხოლო წინასაარჩევნო კომპანია ორ კვირაში აიღებს სტარტს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.
„თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო“, — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.