— ადმინისტრაციული რესურსი საქართველოში უკვდავი კაშჩეია და ამ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მისი დახმარებით გაიმარჯვებს, მართალია ის ჯამში ერთად აღებულ ოპოზიციურ პარტიებზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა მათგანს აჯობებს.
ამიტომ არის ცუდი ამდენი ოპოზიციური პარტიის არსებობა, საპროტესტო ელექტორატი დაქსაქსულია და რომაელების პრინციპი „გათიშე და იბატონე“ მოქმედებს.
-საპროტესტო ელექტორატში ვის გულისხმობთ?
— მე მხედველობაში მაქვს ის ადამიანები, რომლებიც მხარს მმართველ ძალას არ უჭერენ. „ოცნების“ პოლიტიკური კურსი არ არის მიმართული უკმაყოფილო ელექტორატის მისამხრობად და ამის კარგი მაგალითია საარჩევნო კანონმდებლობაც.
მმართველ კოალიციას მთელი 4 წელი ჰქონდა მის შესაცვლელად, მაგრამ მან ამისათვის ბოლო დრომდე არაფერი გააკეთა, ხოლო შემდეგ კი თქვა რა ვქნათ დრო არ გვყოფნის სისტემის შესაცვლელადო. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს რომ ოცნებას კურსი იმაზეა მიმართული ნებისმიერი საშუალებით გაიმარჯვოს.
უკვე 26 წელია, ყველა არჩევნებში მმართველი პარტიის პრინციპი არის „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ეს პრინციპი უკვე ტრადიციად იქცა და ამით მოვედით დღემდე. სამწუხაროა რომ იმავე „ქართული ოცნებას“, რომელიც სულ რაღაც ოთხი წლის წინ ასეთი დაპირებებით და გრანდიოზული პროექტებით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უხდება.
ოცნების ხელმძღვანელობამ ამ 4 წელიწადში არაფერი ისწავლა. არანაირი დასკვნა არ გაკეთა. მათ არც კი ისურვეს დრო დაეკარგათ იმის დასადგენად, რამ გამოიწვია კოალიციის ავტორიტეტის ასეთი სწრაფი ვარდნა.
-„ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ათეულზე რას იტყვით?
— „ნაციონელების სიაში კრეატიული მიდგომა ჩანს. ახალი სახე იმას კი არ ნიშნავს, რომ სიაში ჩართო ადამიანი, რომელსაც არავინ არ იცნობს, და თქვა ეს ახალი სახეაო. პოლიტიკისთვის უნდა იყოს ის ახალი სახე და არა საზოგადოებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ გავა პარლამენტში, მე არ ვიზიარებ აზრს რომ ის უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ის რომ ძლიერი ფრაქცია ექნება და ის რომ პერმანეტულად გაუშრობს სისხლს მმართველ პარტიას უკვე ცხადია და ეს ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია.
-თქვენი აზრით, ოპოზიციიდან რომელ პოლიუტიკურ ძალას აქვს შანსი არჩევნებზე შედეგი აღჩვენოს?
— „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური რომ ქმნის ის პარტია უფრო სერიოზულია, ვიდრე იგივე „ნაციონალურ მოძრაობიდან“ გამოყოფილი ახალი პოლიტიკური ძალა „გირჩი“. მეჭიაურის განცხადებებიდან როგორც ჩანს, კურსი აღებულია გარკვეული იდეოლოგიაზე. „გირჩი“ ყოფილი ნაციონელების შექმნილია, საქართველოში კი მაინც აღმოსავლური ტრადიციები გვაქვს და მოღალატეები არავის უყვარს. მაშინ როცა „ნაცმოძრაობა“ თეთრ რაშზე იჯდა, მისგან არავინ არსად არ მიდიოდა. „გირჩს“ ივანიშვილმაც გაუწია დათვური სამსახური, იმით რომ შეაქო. სხვა პარტიებს რაც შეეხება, ისეთი რადიკალური სხვაობებია ჩატარებულ სოციალურ კვლევებში და გამოკითხვებში, რომ გამიჭირდება თქმა ვის რა შანსები აქვს.
გუშინ გამოვიდა პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი და ნაპოლეონის თავდაჯერებულობით გვამცნო, რომ თურმე ერთადერთი პარტიაა, რომელიც „ოცნებას“ დაამარცხებს და ამით საქართველოს ააყვავებს. ძალიან ცუდია, რომ პარტიას კი არა ბურჭულაძეს აქვს მაღალი ავტორიტეტი. არავინ არ იცნობს თვითონ ბურჭულაძის პარტიის შემადგენლობას და პროგრამას, მაგრამ გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მას 70%-ზე მეტი გამოკითხული უჭერს მხარს.
ისევ ისე მეორდება როგორც იყო შევარდნაძის, გამსახურდიას, სააკაშვილის, ივანიშვლის დროს. ქვეყანა უკვე ამდენი წელია დამოუკიდებელია და სულ ერთი კაცის იმედზეა. მარჩენალი ან მესია უნდა მოვიდეს და იმან უნდა გადაგვარჩინოს, არავინ იცის იგივე ბურჭულაძე ვის ეყრდნობა, რა რესურსი აქვს, მაგრამ ვინაიდან ეს პაატა ბურჭულაძეა, შეიძლება ჩვენმა ელექტორატმა მისცეს მას ხმა და ისევ იმავე ფოცხს დავაბიჯოთ ფეხი.
აი ეს არის ტრაგედია ჩემი გაგებით. ვინაიდან ის რომ ბურჭულაძე თვითონ კარგი პიროვნებაა, თითქოს ეს საკმარისია ქვეყნის გადასარჩენად. მერამდენეჯერ უნდა ავირჩიოთ ერთი ადამიანი ხმების 90 %-ით და მერამდენეჯერ უნდა დავიდეს მისი რეიტინგი 4 წელიწადში ნულზე.