- ბატონო ალექსანდრე, თავდაპირველად ყრილობაზე ვისაუბროთ, ბევრის აზრით, ძალიან მალე დასრულდა და უამრავი კითხვა ისევ პასუხგაუცემელი დატოვა.
— ყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მხარდამჭერების ერთიანობა, ავირჩიეთ პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი წევრები, მეტი ფუნქცია ამ ყრილობას არ ჰქონია, ახლა განახლებულმა პოლიტსაბჭომ უნდა იმუშაოს და არჩევნებისთვის მოემზადოს.
- ვიხილავთ თუ არა პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს საარჩევნო სიაში?
— დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა ალბათ სიაშიც იქნება. მინდა გითხრათ, რომ უკვე არსებულ წევრებს, პრემიერმა ახალი სახეები დაამატა, ეს მისი არჩევანია და თუ არ ვცდები კარგი არჩევანიც. პარტიის განახლება შეუქცევადი და აუცილებელი პროცესია.
- როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრმა მინისტრებმა თანამდებობები დატოვონ?
— სავარაუდოდ, დადგა. ეს მათთვისაც საჭირო და აუცილებელი ნაბიჯია, რადგან მათ პარტიასაც სჭირდება მზადება საარჩევნოდ. თუმცა საკითხი ბატონი პრემიერის გადასაწყვეტია და დაველოდოთ მის მოსაზრებას.
- სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა. „თავისუფალი დემოკრატები“ ხელს თქვენი პარტიისკენ იშვერენ…
— ძალიან სამწუხარო საქმეა. მერწმუნეთ, ჩვენ არანაირად არ გვაწყობს და არც არაფერში გვჭირდება ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. ეტყობა არის საქმეში ისეთი ხელმოსაჭიდი ფაქტები, რამაც მოსამართლე აიძულა ასეთი განაჩენი გამოეტანა.
- პაატა ბურჭულაძის მიერ პარტიის დაფუძნებას და პოლიტიკაში მოსვლას როგორ შეაფასებთ?
— პაატას დიდ პატივს ვცემ, როგორც მომღერალს და პიროვნებას, მაგრამ ცოტა გამაკვირვა მისმა ინტერვიუმ, სადაც ქვეყნის მხსნელის და გადამრჩენელის იმიჯს ირგებს. ეტყობა თავი ისევ ოპერის სცენაზე ჰგონია, ეს იქ არის შესაძლებელი და მისაღები ეფემერული პათეტიკა, რეალურ პოლიტიკაში ცოტა სხვაგვარადაა. პაატა, ჩემი აზრით, ვიღაც-ვიღაცების რიტორიკას აჰყვა და სიმართლე გითხრათ, მისი ეს გმირის იმიჯი ცოტა ღიმილის მომგვრელია.
თენგიზ ჩოჩუა