თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ახალი მონაწილე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი მომღერალი ირმა სოხაძეა, რომელმაც პროექტისთვის ХХ საუკუნის ქართველი პოეტის, გენიალური გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ქარი ქრის“ შეარჩია.
„მივესალმები პროექტ „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ და მოხარული ვარ, რომ მასში ვმონაწილეობ. პოეზია რაღაც ლამაზს, მარადიულს გაგონებს, გვეხმარება ჩვენ დავტკბეთ მისი სილამაზით და მოვუსმინოთ ერთმანეთს. „ქარი ქრის“ — გალაკტიონის ნამდვილი შედევრი და ბავშვობის დროიდან მოყოლებული ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია“, — განაცხადა ირმა სოხაძემ.
საქართველოში პროექტს საფუძველი რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა ჩაუყარეს. პირველმა სწორედ მათ წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“. ესტაფეტას ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა პოეტმა გიორგი კეკელიძემ, გრიბოედოვის სახელობის თეატრის წამყვანმა მსახიობმა ივანე ქურასბედიანმა და ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტმა მათე ფირცხალავამ და თამარ ბაბილუამ (ბაბი), რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული რეკორდი დაამყარა.
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.