პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომჯერ-ჯერობით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატობის შანსი გაინაღდა.
„ამერიკელი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ფინალში ერთმანეთს ტრამპი და ჰილარი კლინტონი შეხვდებიან, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ტრამპს კლინტონი დაამარცხებს. ტრამპის ეს წარმატება იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ში რაღაც ცვლილებებია საჭირო. ტრამპი დღეს იმას ლაპარაკობს, რაზეც ბევრი რიგითი ამერიკელი ფიქრობს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს“, — მიაჩნია ცინცაძეს.
პოლიტექსპერტს ჯერჯერობით უჭირს თქმა, რას მოუტანს საქართველოს ტრამპის გამარჯვება. როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიისასკანდიდატები ერთ განცხადებას აკეთებენ, ხოლო უკვე გაპრეზიდენტებულები, როცა რეალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, სხვაგვარად მოქმედებენ.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ 10 000 კმ-ს იქით ამერიკელები აირჩევენ ისეთ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნების მეორე დღეს გაიღვიძებს და იმაზე დაფიქრდება, რა მოვუხერხო ქართველებსო. ეს ზღაპარია. მოდით, შევეშვათ ასეთ სტერეოტიპებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის მოწინააღმდეგე ავტომატურად ჩვენი მეგობარია, მთალდ ასეც არ არის“, — ასკვნის ცინცაძე.
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძეც იზიარებს ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ტრამპი, შესაძლოა, გახდეს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება მოსალოდნელი არ არის.
„არ ველოდები, რომ ტრამპის გამარჯვება საქართველოსთვის სასიკეთო იქნება. გარდა ამისა, იმდენად ძლიერია პოლიტიკური ისტებლიშმენტი, კონგრესი და სენატი და ადმინისტრაციის აპარატი, რომ ტრამპი დიდ სისულელეს ვერ ჩაიდენს და ვერანაირ ავანტიურას ვერ წამოიწყებს, მით უმეტეს, საქართველოს გამო. ტრამპს არ მიაჩნია, რომ ამერიკა რუსეთს მისი მიმდებარე ქვეყნების, უკრაინის ან საქართველოს გამო უნდა დაუპირისპირდეს“, — ამბობს მამრაძე.
ექპერტ გია ხუხაშვილისთვის ძნელი სათქმელია, გაიმარჯვებს თუ არა ტრამპი არჩევნებში.
„პირველ რიგში, ტრამპის ის პოზიცია, რომელსაც მან ამ ეტაპისთვის მიაღწია, ნიშნავს, რომ სამყარო იცვლება ზოგადად. ამერიკულმა სისტემამ არ იმუშავა და მას აქვს სერიოზული პრობლემები. ეს გამოაჩინა ამ ყველაფერმა და პრინციპში, როგორც ჩანს, სერიოზული ცვლილებები იქნება გლობალურ პოლიტიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს თავიდან ძალიან სკეპტიკურად კი უყურებდნენ, მაგრამ მან, ასე ვთქვათ ყველას „გაუცრუა იმედები“, რაღა თქმა უნდა, გამოსარიცხი არ არის რომ, ის ბოლომდე წარმატებული იყოს. ძნელი სათქმელია, რას მოუტანს ეს საქართველოს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება“.
ხუხაშვილის აზრით, პოლიტიკაში არაფერს არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ ტრამპი რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეწვია, არც მისი მიხეილ სააკაშვილთან ნაცნობობით შეიცვლება რამე.
„ამის აქცენტირება პროვინციალიზმი იქნებოდა“, — აღნიშნა ხუხაშვილმა.
უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში2012 წლის აპრილში ჩამოვიდა, რათა ბათუმში „ტრამპთაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში მიეღო მონაწილეობა.
როგორც მაშინ ქართული პრესა წერდა, პროექტის მესაკუთრე და დეველოპერი იყო Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნდა ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში.SRG–ი ტრამპის სახელსა და სავაჭრო ნიშანს იმ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებდა, რომელსაც მან ამერიკელი მაგნატის დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიასთან, Trump Organization-თან მიაღწია 2011 წლის მარტში ნიუ–იორკშიგამართულ ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
The New Yorker-ის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ისიც განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება: თუკი ის გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ის „მისი დიდი ხნის მეგობრის, დონალდ ტრამპის სანახავად ჩავიდა“.
ნიუ-იორკში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოში, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი კომპლექსისმშენებლობას ითვალისწინებდა. ტრამპი საქართველოში საკუთარი სახელის ლიცენზირებას, ხოლო მისი კომპანია საქართველოში „ტრამპთაუერის“ მენეჯმენტს განახორციელებდა. თუმცა, როგორც ამბობდნენ, იმ ეტაპზე თავად ტრამპი პროექტებში საკუთარი თანხის ჩადებას არ აპირებდა.
SRG–მა ნიუ-იორკში განთავსებული არქიტექტურული კომპანია John Fotiadis Architect დაიქირივა ბათუმში „ტრამპ-თაუერის“ პროექტის შემუშავებისთვის. John Fotiadis Architect–ის ინფორმაციით, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა Trump Towers Istanbul-ისა და სტენფორდში Trump Parc–ის შემუშავებაში, ბათუმის „ტრამპთაუერისა“ და ნავსადგომის მშენებლობის დასრულება 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში იგეგმებოდა; პროექტის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებდა თაუერისა და ნავსადგომის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას. გეგმის თანახმად, მთლიანი პროექტის საერთო ფართობი, დაახლოებით, 160 000 კვადრატული მეტრი იქნებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
"დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთის გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთ-ერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის ბათუმში სტუმრობა მოგვიანებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ასე გაიხსენა: „ტრამპმა რომ დაინახა ჩვენი პალმების განათება, სასწრაფოდ შეუკვეთა 500 ბროშურა და გაგვაგზავნინა თავისი ობიექტებისათვის —ფლორიდასა და კალიფორნიაში. „ლუსტრაზე“ პირი დააღო და ა.შ. გაუკვირდა ძალიან. ასე რომ, მათაც უკვირთ და ბევრ რაღაცას უკვე აქედან იღებენ“.
დღეს ბათუმში „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა არ მიმდინარეობს. როგორც აჭარის ეკონომიკის სამინისტროში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, „ტრამპ-თაუერის" რაიმე სახის კონკრეტული პროექტი, თავისი გათვლებით, არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, ეს კონკრეტული იდეის დონეზე რჩება ჩვენი უწყებისთვის. თუ სადმე არის ეს პროექტი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის ჩვენთან არ არის“.