თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მილიარდერ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს დაამარცხებს.
ტრამპმა, ფაქტობრივად, გაინაღდა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატობა მას შემდეგ, რაც მისმა ერთადერთმა სერიოზულმა მოწინააღმდეგემ ტედ კრუზმა კანდიდატად წარდგენის ბრძოლიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ჰილარი კლინტონს კი ჯერ არ მოუგვარებია „დემოკრატების“ ნომინაციის საქმე, თუმცა სენატორ ბერნი სანდერსთან ბრძოლაში უდავო ფავორიტია.
„ჩვენ მივდივართ ჰილარის წინააღმდეგ… ნოემბერში ჩვენ გავიმარჯვებთ — დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ამერიკა იქნება პირველი!“ — განაცხადა ტრამპმა.
მან მადლობა გადაუხადა ტედ კრუზს ბრძოლიდან გასვლის გამო.
„ის ძლიერი კონკურენტი, მკაცრი და ჭკვიანი ბიჭია და მას არაჩვეულებრივი მომავალი აქვს“, — ასე შეაფასა ტრამპმა კრუზი.
„ტედი ძალიან მამაცურად მოიქცა. ჩვენ ერთიანობას მოვუტანთ „რესპუბლიკურ პარტიას“, — დაამატა მან.