თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში ოთხი გამოფენა გაიმართება.
ქართველი მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი გამოფენა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა. ერთ-ერთ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება იმ ნამუშევრების ნახვა, რომლებიც საქართველოში მანამდე არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში პირველი გამოფენა 5 მაისს გაიხსნა. ის 19 ივნისამდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 40-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა. ტილოებზე გამოსახულია ცნობილი მითების, ზღაპრების თემები, ასევე იმ ეპოქის სატირული და გროტესკული ასახვა, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბოლოს ეს ნამუშევრები 20 წლის წინ, გუდიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოიფინა.
მომდევნო ექსპოზიციაზე, რომელიც 22 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე მოეწყობა, ლადო გუდიაშვილის 50-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა გამოიფინება. მესამე გამოფენაზე, რომელიც 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება. მეოთხე გამოფენა, რომელიც 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი, დამთვალიერებელს დიდი ქართველი მხატვრის — ლადო გუდიაშვილის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.
პროექტი ლადო გუდიაშვილის ფონდის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ლადო გუდიაშვილი — ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც ქართული ფერწერის ტრადიციასთან — ძირითადად მუქი ფერების გამოყენება — კავშირი გაწყვიტა. გუდიაშვილის სტილზე დიდი გავლენა მოახდინა ნიკო ფიროსმანისა და ფრანსისკო გოიას შემოქმედებამ.
ლადო გუდიაშვილი 1919 წელს დავით კაკაბაძესა და შალვა ქიქოძესთან ერთად მსოფლიო ხელოვნების ცენტრში — პარიზში გაემგზავრა, სადაც 6 წელი იცხოვრა. 1925 წელს საფრანგეთში კრიტიკოს მორის რენალის წიგნი გამოვიდა, რომელიც ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას ეხებოდა.
ლადო გუდიაშვილის შემოქმედება ტექნიკისა და ჟანრის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის ხატავდა ზეთით, გუაშით, აკვარელით, ასრულებდა კედლის მხატვრობას, ქმნიდა გრაფიკულ ნამუშევრებს და მუშაობდა შერეული ტექნიკით.
მის შემოქმედებით მემკვიდრეობაში პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული თემატიკა, ალეგორიულ, მითოლოგიურ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი ნაწარმოებები, ეპიკური და ლირიკული ნამუშევრები.
ლადო გუდიაშვილი მეგობრობდა პაბლო პიკასოსთან, მორის უტრილოსთან, ამადეო მოდილიანისთან, იგნასიო სულოაგასთან, მიხაილ ლარიონოვთან და ნატალია გონჩაროვასთან. მისი გამოფენები გამოიფინა რუსეთში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და აშშ-ში.