თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნახატი „მედუზა“ „სოთბის" (Sotheby's) აუქციონზე მოხვდა, იუწყება ქართული მედია.
შერეული ტექნიკის გამოყენებით ტილოზე შესრულებული ნახატი, შესაძლოა, 15 ოქტომბერს გაიყიდოს ნიუ–იორკის აუქციონზე Take Home A Nude.
ამჟამად 24 წლის მხატვარი ლევან სონღულაშვილი, საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი, ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს.
„მედუზა“ ორი წლის წინ დაიხატა საქართველოში და სიმბოლურად სხეულისგან სულის გამოთავისუფლების აქტს ასახავს, უთხრა მხატვარმა ჟურნალისტებს.
ნიუ–იორკში სწავლისას სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა Portrait Scholarship Award 2015–ისა და ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიის პრემიები.
მხატვრის შემოქმედებას ცნობილი სააუქციონო სახლების წარმომადგენლები და მსოფლიოს კრიტიკოსები ძალზე მაღალ შეფასებას აძლევენ.
სონღულაშვილის ნახატები ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშიც ინახება.
უალოეს მომავალში მხატვარი მანჰეტენზე მდებარე „ჩელსის“ ერთ–ერთ გალერეაში პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს.