თბილისში შალვა ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

© https://www.facebook.com/events/1629596210598445/შალვა ქიქოძე
შალვა ქიქოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა, რომელიც 25 დეკემბრიდან 10 თებერვლამდე გაიმართება, ქართული ფერწერის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის შალვა ქიქოძის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. გამოჩენილი ქართველი ექსპრესიონისტი მხატვრის, კარიკატურისტის, თეატრალური დეკორატორისა და პარიზის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის შალვა ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა, ასწლიანი პაუზის შემდეგ, დ. შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

გამოფენა, რომელიც 25 დეკემბრიდან 10 თებერვლამდე გასტანს, ქართული ფერწერის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის შალვა ქიქოძის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება. ნახატების დიდ ნაწილს ხელოვნების მოყვარულები პირველად იხილავენ.

შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

ნამუშევრები გამოფენაზე კერძო კოლექციებიდან და საქართველოს ეროვნული მუზეუმი კოლექციიდან იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობაც მოიცავს არა მარტო მის მხატვრობას, არამედ მის წერილებს თანადროულ ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და ზოგადად ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე“, – აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში. 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება შალვა ქიქოძის წიგნი-ალბომის „შალვა ქიქოძე 120“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მონოგრაფიის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ირინე აბესაძე.  

შალვა ქიქოძე ოზურგეთის რაიონში დაიბადა. სწავლობდა ქართველ თავად–აზნაურთათვის განკუთვნილ გიმნაზიაში. მოგვიანებით მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც თანამშრომლობდა სატირულ ჟურნალებთან, აქვეყნებდა საზოგადოებრივი მოღვაწეების კარიკატურებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს. თეატრებში სცენოგრაფად და დეკორატორად მუშაობდა.

1919 წელს ქიქოძე, ქართველ მხატვართა საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან ერთად, ევროპაში განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა. იქ მხატვართა ცნობილ კომუნა „ულეიში“ (ლა რუში) ცხოვრობდა, მონპარნასის მრავალ მხატვარი გაიცნო, ბევრს და ნაყოფიერად მუშაობდა. 

1921 წელს შალვა ქიქოძე მძიმედ გახდა ავად და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. 1921 წლის 7 ნოემბერს, 27 წლის ასაკში მხატვარი გარდაიცვალა. დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში. მისი გარდაცვალების შემდეგ მხატვრის ნამუშევრები მეგობრებმა და ნათესავებმა სამშობლოში ჩამოიტანეს. ქიქოძის პერსონალური გამოფენა თბილისში 1928 წელს მოეწყო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0