ნინო ჩაკვეტაძე: ბავშვობა, რომელიც არსად წასულა

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძე
ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩაკვეტაძის სურათები უბრალოდ კი არ გაბრუნებთ ბავშვობაში, არამედ ჩაქუჩივით გიკაკუნებთ თავში სიტყვებს: შენ პატარა ხარ, სითბო გჭირდება, შენ გჭირდება დიდი სიყვარულის მცირე ნაწილი მაინც.

 ნინო ჩაკვეტაძე ტილოებს კი არა ალერსს ქმნის. მისი სურათები ყოვლისმომცველი სინაზისა და იმ პატარა „მეს“ განსახიერებაა, რომელიც ყველა ჩვენგანში მოკალათებულა და უფროსისთვის დამახასიათებელ გადაწვეტილებებსაც იღებს, სტრესებსაც უძლებს და ხანდახან ჩუმადაც ტირის. ამასთან გაუსაძლისი ოცნება სდევს მუდამ — დაბრუნდეს წარსულში, ბავშვობაში, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო…

ნინო ჩაკვეტაძის თბილისის გალერეაში უჩვეულო სიმყუდროვეა, სწორედ ისეთი, როგორიც თქვენი უსაყვარლესი, მრავალჯერ წაკითხული საბავშვო წიგნის ფურცლებზე. 

ირგვლივ კარადები, სკივრები და სხვადასხვა აქსესუარებია მისი ნამუშევრებიდან. კედელზე კი ნახატები კიდია, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

 

— ნინო, თქვენ ძირითადა ბავშვობას ხატავთ. სულ არ გაინტერესებთ უფროსების რეალური ცხოვრება?

— მგონია, რომ უბრალოდ შორეულ ბავშვობაში ჩავრჩი. პრინციპში, იქ კარგად ვგრძნობ თავს… ბევრი ამჩნევს, რომ ჩემს ნახატებში ან ბავშვები არიან და ან მოხუცები. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა ცოტა ხნის წინ: „მივხვდი, რაშიცაა საქმე! შენ უფროსებისთვის ხატავ: სურათებზე ბავშვები და მოხუცები არიან, უფროსები კი ამ ყველაფერს გარედან უყურებენ“. ძალიან მომეწონა ასეთი განმარტება. 

— ანუ საბავშვო ნახატები უფროსებისთვის…

— დიახ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ბავშვებსაც მოსწონთ. ვიღაც იმასაც ამბობს, რომ ეს საბავშვო ხელოვნებაა, მაგრამ ასეთი გამოთქმა არასწორად მიმაჩნია.

— თქვენი ნახატები განცდებს, გრძნობებს აღუძრავს ადამიანებს და ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ მათ —„მგრძნობიარე ნახატები“. ხატვისას ესაა თქვენი მიზანი, რომ გრძნობები გაუღვიძოთ ადამიანებს? 

— იმის თქმა, თითქოს სპეციალურად ვეძებდი ხელოვნების სფეროს, რომელიც ყველა ადამიანის სულში შეიჭრებოდა, არ შემიძლია. ეს ბუნებრივად გამომდის. ვაკეთებ იმას,რაც მომწონს. ბავშვებისა და ბავშვობის ხატვა კი რატომღაც ყოველთვის მომწონდა. სამხატვრო აკადემიაში სადიპლომო ნამუშევარიც კი ბავშვებზე მაქვს გაკეთებული. მახსოვს, ხუთი პატარის პორტრეტი დავხატე. მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩემი შემოქმედება ადამიანების სულის სიმებს არხევს. გამოდის, რომ ბავშვობა ბევრისთვის დეფიციტია.  

— ხშირად ხატავთ ანგელოზებს. გჯერათ მათი არსებობის?

— სიკეთისა მჯერა. მიმაჩნია, რომ ანგელოზები — ეს სიკეთეა. თუ კარგად დააკვირდებით ჩემს ნახატებს, ნახავთ, რომ ანგელოზები უბრალოდ ბავშვები არიან, რომლებსაც ფრთები აქვთ მიმაგრებული. ჰოდა, მიმაჩნია, რომ ბავშვები არიან ანგელოზები. 

ნინო ჩაკვეტაძის სურათებს როცა უყურებ, ხანდახან მაშინვე ვერ ხვდები, სად მთავრდება სევდა და სად იწყება სიხარული. არ იცი, იცინო თუ იტირო, ილაპარაკო თუ დადუმდე. მაგრამ ყოველთვის იცი, რომ მის ნახატებში თითოეული ჩვენგანის სულისა და ოცნების ნაწილია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მართლაც მოხდა ეს ოდესმე თუ უბრალოდ დაგესიზმრათ. იქნებ ეს მართლაც ხანგრძლივი, ტკბილი სიზმარია, რომელიც შორეულ, უზრუნველ ბავშვობაში იხილეთ.

ნინო ჩაკვეტაძე
ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძე
 

— ნინო, კარგი ბავშვობა გქონდათ?

— კი, ძალიან კარგი. დედა, მამა, ბებიები და ბაბუები… პრინციპში, უღრუბლო ბავშვობა მქონდა. თუმცა არ მიმაჩნია, რომ პატარებს კარგ ბავშვობაში ძლიერი განცდები არ აქვთ. მახსოვს, რომ პატარაობისას ბევრი რამ მაღელვებდა, მაშფოთებდა. ასე რომ, თუ ჩემს ნახატებში სევდას ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მძიმე მაქვს გადატანილი  ცხოვრებაში, ან პირიქით. 

ნინოს ნახატები — როგორც მკურნალი 

ქართველ მხატვარს ერთ დღეს მოსკოველმა ფსიქოლოგებმა მიმართეს თხოვნით, ნება მიეცა, მისი ნახატები მეტაფორული ასოციაციური ბარათების დასამზადებლად გამოეყენებინათ, რომლებიც პაციენტებთან მუშაობისთვისაა საჭირო. ეს ემოციებისა და იმ გარემოს ამსახველი ბარათებია, რომლებსაც ადამიანში გარკვეული გრძნობებისა და ასოციაციის აღძვრა შეუძლია, რითაც ბევრი რამის დადგენა და მოგვარებაც კია შესაძლებელი. 

ნინო სიხარულით დათანხმდა და ფსიქოლოგებისთვის სხვა საჭირო ელემენტებიც დახატა. მაგალითად: „ეჭვიანობა“, რომელიც თავად ვნახე კიდეც 60 ბარათისაგან შემდგარ პაკეტში: მოწყენილი გოგონა თოჯინით თამაშობს, უკანა პლანზე კი დედა ჩვილს აჭმევს. ასოციაცია მყის წარმოიშვა, „წარსულის სკივრი“ აბუზღუნდა და პრობლემა გასცა. ნინო ჩაკვეტაძის ბარათები, სახელწოდებით „ბავშვთა განცდების მეტაფორა“, რუსეთის წიგნების მაღაზიების ფსიქოლოგიურ განყოფილებებში იყიდება. 

— ნინო, რას არ დახატავდით არასდროს? რისი ხატვა არ გიყვართ?

— ტექნიკური რაღაცეების ხატვა არ მიყვარს. თუმცა მე საბავშვო ილუსტრატორი ვარ და ხანდახან, ვთქვათ, მანქანის დახატვა მიწევს. მაგრამ ეს ჩემი არ არის. 

— ვის ეთაყვანებით ფერწერაში?

— იცით, დრო იცვლება და მათთან ერთად იცვლება ჩემი სიმპათიებიც მხატვრებისადმი. თუმცა ჩემი მუდმივად საყვარელი მხატვარი ირაკლი ფარჯიანია. 

— სხვათა შორის, რაღაც კავშირს ვხედავ მის შემოქმედებასთან. ისიც ხატავდა ანგელოზებს.

— კი, იყო დრო, როცა საკუთარ თავს ვეძებდი და ცოტათი ვბაძავდი კიდეც მას. მხატვრებს ასე ემაართებათ ხოლმე. თუმცა მერე საკუთარი ნიშა ვიპოვე. მხატვრისთვის საკუთარი თავის პოვნა ბედნიერებაა. 

— ალბათ. თუმცა თქვენს ნახატებში არის რაღაც ლადო თევდორაძისეულიც. უბრალოდ, ის უფროსების ცხოვრებას ხატავს…

— სხვათა შორის, ლადო თევდორაძე ერთი წელი მასწავლიდა. მას უმშვენიერესი ნახატები აქვს, იუმორნარევი. 

— რომელი თანამედროვე მხატვრის შემოქმედებაა თქვენთან ახლოს?

— ერთი ჩემი მეგობარი ქალის ნამუშევრები მომწონს. ეს ძალიან საინტერესო მხატვარია, ბუბა არაბული. კიდევ დავით პოპიაშვილი მომწონს, უფროსი თაობიდან — თენგიზ მარი, რომელიც ძალიან თავისებურ ნატურმორტებს ხატავს გუაშით. 

— ხატვა არ გღლით?

— ფიზიკურად იქნებ კიდეც ვიღლები, მაგრამ ეს რაღაც სასიამოვნო დაღლილობაა…

რა საჭიროა სიტყვები, როცა ნახატი ლაპარაკობს?

ნინო ჩაკვეტაძე უამრავი საბავშვო წიგნის ილუსტრაციებს აკეთებს. მხატვარი ახლა ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინა ვესტლის ქართულად ნათარგმნი წიგნის, „დედა, მამა, რვა ბავშვი და სატვირთოს“ გაფორმებაზე მუშაობს. ამ მწერალს ხშირად ნორვეგიელ ასტრიდ ლინდგრენსაც უწოდებენ. 

საქართველოს გარდა, ნინო ჩაკვეტაძის ნახატები ასევე არის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის კერძო კოლექციებში. 

— არ გიმძიმთ საკუთარ ნახატებთან განშორება? 

— რა თქმა უნდა, ძალიან მიმძიმს. ამიტომ ყველა ნახატს ვერ ვიმეტებ. თუ ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან ჩემია, ძალიან მომწონს, იმას არ ვყიდი. მაგრამ ეს ხომ ჩემი საქმეა, ამით უნდა ვიცხოვრო და სამწუხაროდ, სხვაგვარად არ გამოდის…

— ინტერნეტში თქვენზე ძალიან მწირი ინფორმაციაა. არის ბევრი ნახატი, მაგრამ თქვენზე ცოტას წერენ. ეს თქვენი თანდაყოლილი მოკრძალებულობაა თუ საჯარობა არ გსურთ?

— არ ვარ დაინტერესებული იმით, რომ თავად განვათავსო ქსელში საკუთარ თავზე მეტი ინფორმაცია. 

— საქართველოს გარდა ჯერ არსად გქონიათ გამოფენა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შემოქმედება სამშობლოს მიღმა კარგადაა ცნობილი.

— ასეა, გამოფენა სხვაგან არ მქონია. არც ისე ვისწრაფი ამისკენ.   

— ვიცი, რომ უკრაინაში გეგმავდით გამოფენას…

— კი, მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა მუდმივი დაკავებულობის გამო. თუმცა, ვნახოთ. არის სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზება. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე  ხომ უნდა გამოვიფინო უცხოეთში? 

სანამ მხატვარს ვესაუბრები, გალერეაში მისი ნახატები იყიდება. ნინო ჩაკვეტაძის ტილოების საშუალო ფასი 600-800 დოლარია. მისი თქმით, ისინი ელვისებურად იყიდება. დაასრულებს თუ არა ხატვას, მაშინვე ყიდულობენ.  

— მუდმივად ნახატების დეიციტი მაქვს, — ამბობს ნინო და მოკრძალებულად იღიმება. 

— კი მაგრამ, როგორ ასწრებთ ამდენი ნახატის შექმნას ისე, რომ პარალელურად ოჯახის დიასახლისობასაც ართმევთ თავს?

— ცოტა არ იყოს, მიჭირს. უფრო მეტის ხატვას ვისურვებდი, იმიტომ, რომ უამისოდ მიძნელდება.

ნინო მშვიდად უცვლის რამდენიმე სიტყვას თავის ულამაზეს ქალიშვილს, რომელიც გალერეაში ეხმარება.    

— სხვათა შორის, პაუზა მქონდა დიდ ფერწერაში, — განაგრძობს მხატვარი. — როცა ჩემი ორი გოგონა პატარა იყო, მთელი დრო მათ მივუძღვენი. ახლა კი გაიზარდნენ და მეც უკვე მშვიდად შემიძლია დავკავდე შემოქმედებით. მით უმეტეს, რომ შინ ვხატავ, ცალკე სახელოსნო არ მაქვს. ეს ჩემთვს, როგორც დედისთვის, ძალიან მოსახერხებელია. ბავშვებიც გვერდით მყავს და ვმუშაობ კიდეც. მოკლედ, კარგად მოვეწყე. 

— მართალია, რომ უსიტყვო წიგნის შექმნა გსურთ?

— კი, მაქვს ასეთი რამ გეგმაში. აუცილებლად გავაკეთებ ამას, იმიტომ, რომ წარმოსახვაში ყველაფერს კარგად ვხედავ. 

— თქვენ თქვით, რომ ეს პატარა გოგონას მოგზაურობა იქნება. ავტობიოგრაფიული ელემენტები შევა მასში?

— არა მგონია. თუმცა შესაძლოა რაღაც მომენტები იყოს ჩემი ბავშვობიდან.

ნინოს ბედნიერება

ბავშვები, ცხოველები, ბუნება, სადღესასწაულო და ნაკლებად სადღესასწაულო საქართველო… მხატვარს უკვე იმდენი რამ აქვს გადატანილი, ნაგრძნობ-განცდილი, იმდენი ფურცელია მისი ცხოვრებიდან ამოხეული…

— საიდან იღებთ შთაგონებას, თუკი მთელ დროს სახლში ატარებთ? მოგზაურობთ?

— ბევრს არ ვმოგზაურობ. უბრალოდ, ბევრს ვაკვირდები, განსაკუთრებით ბავშვებს. ზაფხულობით აგარაკზე ვისვენებთ და იქ რაღაცნაირი სიტუაციაა ხოლმე…. ეტყობა, ეს ყველაფერი ერთად იყრის ხოლმე თავს. თუმცა შთაგონების მთავარი წყარო — ეს რაღა თქმა უნდა, ნოსტალგიაა, ბავშვობისდროინდელი მოგონებები. სხვა მოტივებიც არსებობს. ძალიან ბევრს ვფიქრობ…  

— ვინ არის თქვენი მთავარი კრიტიკოსი? 

— ჩემი მეუღლე.

— ერკვევა ხელოვნებაში?

— კი, ერკვევა. მხატვარი არ არის, სხვა სპეციალობა აქვს, მაგრამ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს, რომანტიკოსია და ყველაფერი კარგად ესმის. მისი შენიშვნები ყოველთვის მართებულია ხოლმე და ამიტომაც ვუგდებ ყურს. 

— რა არის თქვენთვის, როგორც ქალისთვის, ბედნიერება?

— აუცილებლად ოჯახი. 


ყველა ახალი ამბავი
0