— ბავშვი არ ვარ, უამრავ არჩევნებს მოვსწრებივარ, მათ შორის საბჭოურს, პოსტსაბჭოურს და ა.შ. მართალი გითხრათ, ეროვნული მოძრაობის დროინდელი არჩევნების შემდეგ, ასეთი თავისუფალი საარჩევნო გარემო მე არ მომსწრებია. თუმცა ვისურვებდით უკეთესს. თუ რამე შენიშვნებია, უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა.მთავარია, გამჭვირვალე იყოს თუნდაც ფულის ხარჯვის პროცესი, არ უნდა შემოვიდეს უცხო ქვეყნიდან ფულადი მასა, ის მილიარდები, რომლებიც ქართველ ხალხს წაართვეს და რომლის გამოყენებასაც ცდილობენ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანონ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მთავარია პროცესი არ შეჩერდეს.
-„ქართული ოცნების“ პარტიული სიის ფორმირების პროცესი რა ეტაპზეა?
— ჩემთვის გადამწყვეტი არაა პარტიული სია. არჩევნებში ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. თუ რატომ გადავწყვიტე ეს, ამის არგუმენტები გუნდში დავასახელე. რამდენად გაითვალისწინებენ ისინი, არ ვიცი. რესურსი გამაჩნია, ბრძოლის უნარი მაქვს, გამოცდილება შევიძინე, ცოდნას ვერავინ დამიწუნებს, იმიტომ რომ პროფესორობა არავის უჩუქნია. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში და ის, რაც გამიკეთებია ქუთაისისთვის, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოვთქვა ბრძოლის სურვილი. ამრიგად, „ქართული ოცნებიდან“ გაქცევას არსად არ ვაპირებ. ჩემი ადგილი პოლიტიკაშია.
-„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას რას უკავშირებთ?
— ყოველთვის ვამბობდი, ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, რომელიც უნდა გაგვესამართლებინა თავის დროზე და ის უნდა აკრძალულიყო, როგორც პარტია. მახსენდება ძველი ანეკდოტი მენშევიკებზე და ბოლშევიკებზე. საქონლის ნეხვი რომ გადაიღვარა ურემიდან, ცოტა აქეთ დარჩა და ბევრი იქეთ — ანუ ორივე ნეხვია — აქეთაც და იქეთაც! რა მნიშვნელობა აქვს სად იქნებიან ვაშაძე და მისთანები.
- ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტჟზე რას იტყვით?
— ეს ამბავი აქციეს პოლიტიკურ თემად. ძირითადი დარტყმა მიდის ბიძინა ივანიშვილზე. მესიჯები აქვთ მასზე გათვლილი, როგორმე სახელი გაუტეხონ ბიძინა ივანიშვილს. ჯერ იყო ხის გადატანაზე ატეხეს ამბავი და ამ დროს არავინ საუბრობს იმაზე, რა სიკეთეები გაუკეთებია ივანიშვილს ქვეყნისთვის. სააკაშვილმა მილიარდები გაზიდა ქვეყნიდან, ივანიშვილმა კი შემოიტანა. ამას თუ ვერ ვარჩევთ, ბრმები ვყოფილვართ. ბოტანიკურ ბაღს რაც შეეხება, მან განადგურებული, მოხრიოკებული 4 ჰექტარი მიწა გაანაშენიანა, ახლა გაცვალა ისევ ხრიოკ ადგილში, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, სადაც ააშენებს, დაამშვენებს და ისევ დაუბრუნებს ბოტანიკურ ბაღს.
- თუ დაინახეთ, რომ საზიანო ქმედებაა, გააპროტესტებთ?
— თუ დავინახე, რომ ცუდი და საზიანოა, როგორ ფიქრობთ, მხარს დავუჭერ და ტაშს დავუკრავ? რა თქმა უნდა არა!