თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 29 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება, აუქციონზე გაიყიდა, იტყობინება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდი.
აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელზეც მონაცემები ჯერ უცნობია. ტერიტორიის გასაყიდმა ფასმა საბოლოოდ 6 326 495 ლარი შეადგინა.
აუქციონის პარალელურად თბილისის მერიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოაწყვეს. ისინი აუქციონის გაუქმებას მოითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ამ ტერიტორიის მითვისება ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს სურს.
აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ-ისა.
გარდა ამისა, სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.
ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, შემძენი ვალდებულია პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება (ახალი ხე-ნარგავების შერგვა), ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა ასევე გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს დაკავშირებულია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მასშტაბურ პროექტთან „პანორამა თბილისი“.
პროექტი „პანორამა თბილისის“ ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ოთხ სხვადასხვა კუთხეში ოთხი კომპლექსის მშენებლობას, სასტუმროებითა და ტურისტული ბიზნეს ცენტრებით, რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზით იქნებიან დაკავშირებულნი.
გასულ კვირას ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს ბრალი დასდო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის მითვისებაში. აღნიშნული ბრალდება უარყო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ და განმარტა, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეიცვალა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ჩანაცვლებით.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს. მისი ტერიტორია 81 ჰექტარს მოიცავს.