თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის აუქციონზე გაყიდვა ქალაქის ისტორიულ უბანში მასშტაბურ პროექტ „პანორამა თბილისს“ უკავშირდება.
სამშაბათს, აუქციონზე გასაყიდად 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიტანეს. ოპოზიციამ აუქციონის შედეგების გაუქმება უკვე მოითხოვა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ტერიტორიის მიზერულ ფასად მითვისებას აპირებს. 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „პანორამა თბილისი“ ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა.
„პანორამა თბილისის“, ოთხი ჰექტარისა და 30 ჰექტარის აუქციონის საკითხს ჩვენ ერთიან კონტექსტში განვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია ერთი ადამიანის სახელს უკავშირდება. ჩვენ რადიკალურ ფორმებზე გადავდივართ და ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერა დაგვჭირდება, რათა საკითხი პოლიტიკურ კალაპოტში გადავიყვანოთ“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ამქრის“ თავმჯდომარე ცირა ელისაშვილმა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბური აქციის გამართვას შაბათს აპირებენ.
პროექტი, რომელიც თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, თბილისის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს — მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრებს, რომლებიც ერთმანეთთან საბაგიროებითა და შუშის ლიფტებით იქნებიან დაკავშირებული.
სკეპტიკოსებისთვის გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეიცვალოს თბილისის ისტორიული უბნის გარეგნული სახე მაშინ, როდესაც თანხის ჩადება სხვა რაიონის განვითარებაში შეიძლება. უფრო მეტიც, ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს და გააუარესოს ისედაც ავარიული სახლების მდგომარეობა, მიიჩნევენ ისინი.
გასულ კვირაში ოპოზიციამ ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისებაში დაადანაშაულა. ეს უარყვეს პარკის ადმინისტრაციაში და განმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებულ ტერიტორიაზე გაცვლის გამო შეიცვალა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 81 ჰექტარია.