თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დედაქალაქის ისტორიული უბანის გაშენების პროექტი, რომელიც ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება, მისი ახირებაა.
პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ თბილისში არა ერთი აქცია გაიმართა. სკეპტიკოსებისთვის მიუღებელია მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ისტორიული ნაწილის იერსახის შეცვლის თაობაზე. მათი განმარტებით, ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია თბილისის სხვა რაიონის განვითარება.
„თუ არა ჩემი ახირება, ამ პროექტის განხორციელებას არც ერთი ინვესტორი ხელს არ მოკიდებდა. პროექტი უნიკალურია. მასში იმდენი ექსკლუზივია და იმდენად ძვირადღირებულია, რომ შეიძლება მის განხორციელებაში გადახდილი თანხა უკან ვერ დავიბრუნო. სწორედ ამ ექსკლუზიურ ნაწილს ვაფინანსებ პირადად მე და არა ჩემი პარტნიორები“, – განაცხადა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ისტორია, კულტურა, ლანდშაფტი და თბილისის ბუნება, ხაზგასმით აღნიშნა ექს–პრემიერმა.
მილიარდელმა ივანიშვილმა დარწმუნებით განაცხადა, რომ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
პროექტი „პანორამა თბილისი“ ქალაქის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის – მსხვილი ტურისტული და ბიზნეს–ცენტრების მშენებლობას ითვალისწინებს. ყველა მათგანი ერთმანეთთან საბაგიროებითა და შუშებიანი ლიფტებით იქნება დაკავშირებული, რაც ქალაქის ცენტრს საცობებისგან ცოტათი განტვირთავს, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
თბილისში, ახალი პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.