თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისი ისტორიული ნაწილის გაშენების მრავალმილიონიანი პროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა — რომლებიც ხულიგნობისთვის დააჯარიმეს — სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი დაკავებულიდან შვიდი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და თითოეული ას-ასი ლარით დააჯარიმა. აქცია სახელწოდებით „არა პანორამა თბილისს“ საკრებულოსთან ჩატარდა 19 ივლისს.
„სააპელაციო სასამართლოს ერთი თვე აქვს სარჩელის განსახილველად“, — განაცხადა ქურდოვანიძემ.
დაკავების მიზეზი პოლიციელებსა და იმ მომიტინგეებს შორის სიტყვიერი შეკამათება გახდა, რომელთაც ხელში უცენზურო წარწერებიანი მცირე ზომის პლაკატები ეჭირათ.
„პანორამა თბილისი“ თბილისის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს — მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრებს. მათ ერთმანეთთან საბაგიროებითა და შუშის ლიფტებით დააკავშირებენ, რაც ქალაქის ცენტრს საცობებისგან განტვირთავს, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
სკეპტიკოსებისთვის გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება თბილისის ისტორიული ნაწილისთვის სახის შეცვლის თაობაზე მაშინ, როცა ფულის ჩადება სხვა რაიონის განვითარებაში შეიძლება.
უფრო მეტიც, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს გარემოს და ისედაც ავარიული სახლების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.