აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე სჯა-ბაასი და ვნებათაღელვა ჯერაც არ დამცხრალა და, ისეთი პირი უჩანს, რომ წინასაარჩევნოდ მავანნი კიდევ მრავალგზის ეცდებიან კონკრეტული ციფრებით არგუმენტების, პოზიციების გამყარებასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
საკამათო არ არის, რომ ყოველი მომდევნო კვლევის შედეგი ჩვენში სწორედ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ელფერს იძენს.
წლების მანძილზე უცვლელია ზოგადად საზოგადოების და უპირატესად პოლიტიკური ველის დამოკიდებულება ამ კვლევებისადმი – ვიღაც ენდობა, ვიღაც – არა.
პოლიტსუბიექტების ნდობა მათივე კონკრეტული მაჩვენებლის ხარისხს ეფუძნება და მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით განისაზღვრება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართულებით ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას სკეპტიკურად უყურებს და აფასებს სოციოლოგთა დიდი ნაწილი, განსხვავებულია ექსპერტ-ანალიტიკოსთა ხედვები…
მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე ციფრებით „გართობა“ გრძელდება და ახლაც ეროვნულ-დემოკრატიულმა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტებმა საზოგადოებას საკუთარი მორიგი „მეცადინეობის“ შედეგები წარუდგინეს…
ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, არ შეცვლილა შეფასებათა პათოსი…
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე: „კვლევა რეალობას არ შეესაბამება. ეს სოციოლოგია არ არის. ეს მათ ხელში არსებული მანიპულაციის ის ინსტრუმენტია, რომელიც კონკრეტული განწყობების დანერგვას და პოლიტიკური პროცესების მართვას ემსახურება. კვლევების შედეგებს მე არ განვიხილავ, როგორც სუფთა სოციოლოგიას. ამ შემთხვევაში ეს ე.წ სოციოლოგიური კვლევა წარმოადგენს ჰიბრიდულ ტექნოლოგიას, რომლის მიზანია გარკვეული სოციალური რეალობის კონსტრუირება. კვლევის შედეგები ასახავს არა იმას, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ამ თუ იმ საკითხთან მიმართებაში, არამედ მათ სურვილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ მცდელობასთან, განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია და სასურველი განწყობების ფორმირება…“
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კვლევის შედეგებს უნდობლობას არ უცხადებს და ყურადღებას კვლევის ჩატარების პროფესიულ სტანდარტებზე ამახვილებს.
იაგო კაჭკაჭიშვილი: „კვლევები უნდა ჩატარდეს პროფესიული სტანდარტების მკაცრი დაცვით. ამას თვალი უნდა მიადევნოს პროფესიულმა საზოგადოებამ, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით ვერ შეიქმნა. დღეს არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი მოქმედების ველი იმათთვის, ვისაც გაუჩნდება პრეტენზია, იკვლიოს საზოგადოებრივი აზრი. ამ თავისუფლებას არაერთი კომპანია ბოროტად იყენებს…“
კვლევის შედეგებით გაოცებულია ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელიც პროპაგანდისტულ პროცესზე და გამოკითხვის მეთოდოლოგიურ ხარვეზებზე მიანიშნებს.
არჩილ გამზარდია: „საერთო ჯამში, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ორგანიზაციათა მკვლევარებს სხვა საქართველოში უწევთ კვლევების ჩატარება. სამიზნე ჯგუფებთან მიმართებაში სერიოზული ხარვეზებია… აშკარად იკვეთება მიზანმიმართული პროპაგანდისტული პროცესი…“
ახლა უშუალოდ კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ… დარწმუნებული ვარ, მკითხველი „ნაშრომის“ ძირითად პარამეტრებს იცნობს და ამიტომაც ამჯერად მხოლოდ ორიოდე ეპიზოდზე შევჩერდები. სააერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევიდან, მრავალ სხვა მონაცემთა შორის, ჩემი ყურადღება ერთმა ფორმულირებამ მიიქცია. კერძოდ, გამოკითხულთა 70 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი 15 პროცენტით გაუარესდა, რადგან ერთი წლის წინ ასე მხოლოდ 55 პროცენტი ფიქრობდაო, გვეუბნებიან კვლევის ავტორები. თქვენი არ ვიცი და მე ამ ციფრებმა აღმაფრთოვანეს, მთავარია, ქვეყანა ვითარდება და რაც შეეხება მიმართულებას, ფაქტია, რომ ჩვენ ჯერაც ვერაფრით ჩამოვყალიბდით, რომელია სწორი და რომელი არა. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა ფაქტია, რომ კვლევის ამ „ეპიზოდს“ ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი სარკაზმნარევი სიტყვათა წყობით გამოეხმაურა…
ექსპერტი ვაჟა ბერიძე: „… ეს „გამოკითხვები" ერთი ოფისის ორ ოთახშია დაწერილი. ცუღლუტები, თვლიან — ერთი და იმავე "ხალხის" 70 პროცენტი ერთი მხრივ მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო მეორე მხრივ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან დაახლოებას მიესალმება. ახლა კითხვა მაქვს, აბა, არასწორად საით მივდივართ? დასავლეთისკენ, კონკრეტულად ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლამ არ შეიწირა ჩვენი მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა და ოკუპირებული ტერიტორიები? სინგაპურისკენ ხომ აღარ მივდივართ, რუსეთთან ხომ გავწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა და ის რვაასი ათასი საქართველოს მოქალაქეც ხომ მოვიკვეთეთ, იქ რომ ცხოვრობს და მუშაობს?.. რატომ ცუღლუტობთ, ცუღლუტებო? თუმცაღა, 59 პროცენტი "თვლის", რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია (ანუ პრორუსული განწყობები საქართველოში ძლიერია), ესე იგი, 70 მილიონი სრულად უნდა მიიღონ ანტირუსული კონტრპროპაგანდისთვის ე.წ. არასამთავრობოებმა და მათმა აქაურმა პატრონ–კოორდინატორებმა. ჰაიტ, თქვე ცუღლუტებო!..“
ვინ რას მიიღებს, რამდენს და რისთვის, დრო გვიჩვენებს… ამას წინათ ვწერდი, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა!.. ვაღიარებ, ეს მოკრძალებული შეფასებაა. საქართველო უპირველესად უნიკალური ქვეყანაა… აქ ხშირად ხდება ის, რაც სხვაგან არსად ხდება…
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, სასურველ პოლიტიკოსთა ჩამონათვალის სათავეში, თქვენ წარმოიდგინეთ, არაპოლიტიკოსი, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე მოექცა. გამოკითხულთა 75 პროცენტი ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი სწორედ მის მიმართ არის… ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს განწყობა ახალი პოლიტიკური ძალისა და ლიდერის ძიებით აიხსნება, თუმცა ჯერ ვერავინ პროგნოზირებს, როგორ და რითი დასრულდება ამ ახლის ძიება… ნაკვლევის სხვა „მარგალიტებზე“ მოგვიანებით ვისაუბროთ, თუმცა არ დავივიწყოთ, რომ კვლევის შედეგები არა მხოლოდ ავლენს, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას. თუმცა, გადაჭარბებითაც ნუ შევაფასებთ სოციოლოგიის ძალას. გამოკითხვის შედეგებს არ შეუძლია რეალობის შეცვლა და განწყობების მასობრივად პროვოცირება. ამის პოტენცია აქვთ იმ ჯგუფებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან, ან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ბერკეტებს ფლობენ.