თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და პიარ–კამპანიები აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის მზადება 10 სამიზნე ქვეყანაშია დაწყებული.
პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიების განთავსებას, ასევე საინფორმაციო და პრეს-ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიები, ძირითადად, სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 30-მდე ქალაქია ჩართული.
მიმდინარე წელს პიარ აქტივობებიდან აღსაღნიშნავია „აჭარის დღეები“, რომლებსაც დეპარტამენტმა წელს პირველად მინსკსა და თელ-ავივში უმასპინძლა. არაოფიციალურ მიღებებზე, რასაც მასმედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერიალურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. ქართულმა ფოლკლორმა და სამზარეულომ სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაზეც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში გავრცელებული სტატიები, ბლოგები და ტელე-სიუჟეტებიც მეტყველებს. მინსკისა და თელ-ავივის შემდეგ „აჭარის დღეებს“ დეპარტამენტი 21 აპრილს ვარშავაში, ხოლო 25 აპრილს ასტანაში უმასპინძლებს.
მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები 9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, პეკინის, კატოვიცეს, ვროცლავის, სტამბულის, ვილნიუსის, თელ-ავივის, კიევის, ბაქოსა და მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.
გამოფენებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მინსკის ტურისტულმა გამოფენამ, სადაც წელს პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერ-კლასში.
წლის ბოლომდე დეპარტამენტი დამატებით 7 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის: დუბაის, ვარშავის, სამხრეთ კორეის, სეულის, ტოკიოს, მოსკოვისა და ყაზახეთის გამოფენებზე.
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით დეპარტამენტი წელსაც აგრძელებს რეგიონში საინფორმაციო და პრეს-ტურების ორგანიზებას.
დღემდე დეპარტამენტმა 6 საინფორმაციო და პრეს-ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს 120-მდე მასმედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი ეწვია. წლის ბოლომდე კი სამიზნე ქვეყნებიდან დეპარტამენტი რეგიონში კიდევ 15 ამგვარ ტურს უმასპინძლებს, რომელთა განმავლობაში აჭარას 150-ზე მეტი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი და ჟურნალისტი ესტუმრება.