საქართველო პარადოქსების ქვეყანაა… აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია ეროვნული ვალუტა საკმაოდ სწრაფი ტემპით მყარდება და მთელი ამ ხნის მანძილზე ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს და ეს ქვეყანაში ეკონომიკაში არსებული სტაგნაციის შედეგია… სად არის პარადოქსი? ახლავე მოგახსენებთ. ნეგატიური პროცესებით გამოწვეული ლარის გამყარებისა და წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლების პირობებში ეროვნული ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უაღრესად პოზიტიურად აისახება მოქალაქეების ყოფაზე და სავარაუდოდ საოქტომბროდ არჩევანსაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს…
საქართველოს მოქალაქეებს სესხები უიაფდებათ!…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 პროცენტამდე შეამცირა, რაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთის ავტომატურად შემცირებასაც გულისხმობს.
შესაძლოა პროფესიით ფინანსისტი, გნებავთ ეკონომისტი ან სულაც საბანკო საქმეში ღრმად ჩახედული მკითხველი არ დამეთანხმოს და ბრძანოს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სესხები კი არ უიაფდებათ, არამედ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი უმცირდებათ. არ გავჯიუტდები და ფორმულირების გამო კამათს არ დავიწყებ, რადგან გამოხატვის თავისუფლება იმედია შემოქმედების თავისუფლებას გულისხმობს და თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი ერთია. ყველა ის მსესხებელი, რომლის კრედიტიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად უფრო ნაკლებს გადაიხდის ვიდრე ადრე იხდიდა. ამ ტიპის კრედიტები ლარშია გაცემული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის საგაზაფხულოდ გამოფხიზლებამ მოქალაქეებს ამერიკულ დოლარში გაცემული კრედიტების მომსახურებაც შეუმსუბუქა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უმალ მოჰყვა ექსპერტთა შეფასებები. გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე სტრიქონებს შორის ადვილად იკითხება პოლიტიკური აქცენტები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამჯერად კი ექსპერტი რომან გოცირიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ეროვნული ბანკის პოლიტიკას მხოლოდ იწონებდა, ახლა თვლის, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არა დროული და თანაც არასწორია.
რომან გოცირიძე: „…ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინათ, როცა ლარის კურსი 2.5-მდე დაეცა, ალბათ ვერავინ ივარაუდებდა, რომ ასე ახლო მომავალში ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა შერბილდებოდა. რა შიცვალა? მილიარდი დოლარით შემცირდა იმპორტი, ე.ი. შემცირდა დოლარზე მოთხოვნაც, სწორედ მოთხოვნის შემცირება ამყარებს ლარს და არა უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდა. ეროვნული ვალუტის გამყარება ლოგიკურია. მსგავსი სავალუტო კრიზისებიდან გამოსვლა წელიწადნახევრის შემდეგ იწყება. სტაბილიზება მყიფეა. საფონდო ბაზარი და ექსპორტი ნელ-ნელა იწყებს გამოცოცხლებას და ზრდას. უმნიშვნელოდ მოიმატა ექსპორტისა და გადმორიცხვების მოცულობამ. მთავარი დადებით ფაქტორი ტურიზმია. შარშან ორი მილიარდი დოლარი შემოვიდა ამ დარგიდან. წელს მეტი იქნება თურქეთსა და ეგვიპტეში რუსი ტურისტების რუსეთის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვის გამო. სიფრთხილეა საჭირო.. ჩვენ ახლა კრიზისის დაძლევის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით…“
სიფრთხილისკენ მოწოდება ურიგო ნამდვილად არ არის. თუმცა აშკარად თვალში საცემია, რომ მთავარი ბანკირის პოსტზე გიორგი ქადაგიძის კობა გვენეტაძით ჩანაცვლების შემდეგ, ბატონი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პოლიტიკას აღარ იწონებს და რბილად, რომ ვთქვათ იწუნებს. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, არაოფიციალური ინფორმაციით, ის ექსპერტის სხვა პოლიტმეგობრებთან ერთად საარჩევნო სიის პირველ ათეულში დავით ბაქრაძის შემდეგ მეორე პოზიციაზე მოიაზრება.
ეროვნული ბანკის პოლიტიკას და კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ექსპერტი ლევან კალანდაძე, რომელიც არ არის გამორიცხული საარჩევნოდ განახლებული „ქართული ოცნების“ რიგებში ვიხილოთ, თუმცა ეს ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია…
ლევან კალანდაძე: „დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია და ამდენად ეფექტურიც. რაც მთავარია ის კარგად იყენებს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციას. ერთი მხრივ, სავალუტო ინტერვენციებით ლარის კურსის გამყარების სიჩქარის კორექტირებას ახდენს და და მეორე მხრივ, ამავე პერიოდში სავალუტო რეზერვებს ავსებს. ახლა რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი ამბობს, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში ინფლაციური რისკი მინიმალურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ ბანკში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურისტული ნაკადების და ასევე ფულადი გზავნილების სავალუტო შემოდინებების გაზრდის მოლოდინი აქვთ…“
ამასობაში საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დოლარიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით ის 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.9 პროცენტს გაუტოლდა. ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნათა ნორმების კორექტირების თაობაზე. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ ეს გადაწყვეტილება საბანკო სექტორში დედოლარიზაციას ისახავს მიზნად.
რომან გოცირიძე: „ახლა, როცა უცხოური ვალუტის შიმშილია, ეს ნაბიჯი არ შეუწყობს ხელს ვალუტის შემოტანას, რაც ინვესტიციების ტოლფასია. ეს კომერციულ ბანკებს გაუძვირებს უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯებს, რაც ან სესხის საპროცენტო განაკვეთის ზრდაში აისახება, ან მეანაბრეებისთვის გასაცემი საპროცენტო თანხის შემცირებაში. რაც შეეხება დედოლარიზაციიას, ეს მრავალწლიანი პროცესია და მას მხოლოდ ნორმატივის ცვლილებით ვერ მიაღწევ…“
ლევან კალანდაძე: „ყველა ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. თუ აპრიორი ასევე ვაღიარებთ, რომ დოლარიზაცია არის მთავარი პრობლემა, მაშინ დოლარიზაციის შემცირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს ნიშნავს გრძელვადიან პერიოდში გაწერილი გარკვეული მონეტარული ღონისძიებების გატარებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეული ტვირთი ნაკლებად საზიანო იყოს საზოგადოებისა და ბიზნესისთვის”
ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთი მომავალშიც შემცირდება. თუ ასეა, ეს რეფინანსების განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურებას კიდევ უფრო გააიაფებს. ვნახოთ, დაველოდოთ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება და ტენდენციაც გამოიკვეთება.