გაზარმაცებული ეკონომიკა და გაყოჩაღებული ლარი

© photo: SputnikОбменный пункт
Обменный пункт - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარი ბევრისთვის მოულოდნელად სწრაფი ტემპით მყარდება. რატომ, რა მოხდა განსაკუთრებული ქვეყნის შიგნით ეკონომიკასა და საფინანსო ბაზარზე, ან გნებავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უპირველესად ჩვენს რეგიონში.

გამართლდა მათი ოპტიმისტური პროგნოზი, ვინც ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ვარაუდობდა, რომ ახალი წლის ზამთარ-გაზაფხულის გზაგასაყარზე ლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურების პროცესი დასრულდებოდა და კურსის ხანმოკლე სტაბილურობის შემდგომ თანდათან გამყარების ტენდენცია გამოიკვეთებოდა. უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ეროვნულმა სიამაყემ ფსკერიდან ზედაპირისკენ აღმასვლა დაიწყო. სავალუტო ჯიხურების შუქფარზე ციფრები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ლარი ბევრისთვის მოულოდნელად სწრაფი ტემპით მყარდება. რატომ, რა მოხდა განსაკუთრებული ქვეყნის შიგნით ეკონომიკასა და საფინანსო ბაზარზე, ან გნებავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უპირველესად ჩვენს რეგიონში. პარადოქსია, მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გაყოჩაღება ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების შედეგია.

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის გზით ლარის ზრდის შეკავებას ცდილობს

ექსპერტი გია ხუხაშვილი: „ეროვნული ვალუტის გამყარების მთავარი და ფუნდამენტური მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციაა. მკვეთრად შემცირდა იმპორტი და შესაბამისად ნაკლებიაა მოთხოვნაც უცხოურ ვალუტაზე. არ არის კარგი, როცა უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების მაჩვენებელთა ბალანსი ჭარბი მიწოდების სასარგებლოდ იცვლება. ეს ეკონომიკური განვითარებისთვის ცუდი ფაქტორია.ეს ნიშნავს, რომ დაბალია ეკონომიკური აქტივობის ხარისხი. ზოგადად ეკონომიკისთვის ძალზედ საზიანოა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი რევები, ეს როგორც გაუფასურების, ისე გამყარების კუთხით.არის სხვა მიზეზებიც. მოგეხსენებათ ჩვენი ვალუტა სერიოზულად მიბმულია რეგიონში ვალუტის კურსებზე და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ნავთობის ფასებზე. თუ დააკვირდებით, აშკარად დაინახავთ, რომ ნავთობზე ფასებისცვალებადობა მყისიერად აისახება ლარზე და ამ თვალსაზრისით ის რუსული რუბლის დინამიკას იმეორებს. ასე, რომ სამწუხაროდ ლარის გამყარებას ობიექტური ფაქტორები არა აქვს…“

ეკონომიკურ პროცესებზე კურსის მკვეთრი რყევის არასასურველი გავლენის თაობაზე ექსპერტის პოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც იზიარებენ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება. ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ბანკი ახლა სწორედ მკვეთრი რყევის შემსუბუქებას ცდილობს, რათა ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტირების შესაძლებლობა ჰქონდეს. აპრილის თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს ერთბაშად 55 მილიონი დოლარი გამოაცალა და სავალუტო რეზერვები შეავსო. 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ მიხეილ თოქმაზიშვილი: „ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ კურსის მკვეთრი რყევა შეამციროს, ამასთანავე ზრდის რეზერვებს, რომელსაც შემდეგ საჭიროების შემთხვვაში გამოიყენებს. წინა წლებში, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა. ამჟამად მის კომპენსირებას ახდენს. თუკი იგი დოლარს არ იყიდის, მაშინ შესაძლოა, გამყარების პროცესი ძალიან სწრაფად წავიდეს, რაც ისეთივე არასახარბიელოა, როგორიც სწრაფი გაუფასურება. ეროვნული ბანკი აკვირდება კურსის ცვალებადობას და ცდილობს, გამყარების პროცესი ნელა წარმართოს, რომ ბაზრის სუბიექტებმა შეძლონ ამ ცვლილებებთან ადაპტირება. მივესალმები, რომ დოლარის შემოდინება გაიზარდა და ეს საშუალებას  აძლევს ეროვნულ ბანკს, დააგროვოს რეზერვიი იმ დროისთვის, როდესაც მისი დახარჯვის აუცილებლობა იქნება…"

სანდრო თვალჭრელიძე - Sputnik საქართველო
სანდრო თვალჭრელიძე: ლარის შესუსტება მიზანმიმართული პროცესი იყო

ახლა უკვე არც იმის დანახვაა ძნელი,რომ არ გამართლდა მავანთაპროგნოზი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ქადაგიძის კობა გვენეტაძით ჩანაცვლების შემდეგ, ლარის გამყარების მიზნით ეროვნული ბანკი რეზერვებს შეამცირებდა და სავალუტო ბირჯაზე ინტერვენციას განახორციელებდა. ამგვარი რიტორიკით არსებითად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათთან ასოცირებული ანალიტიკოსები გამოირჩეოდნენ. 

სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ლარის კურსი დოლარის მიმართ კიდევ უფრო გამყარდებოდა.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი: „ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,15-ის ფარგლებში იქნებოდა. ვფიქრობ, ლარის გამყარების ტემპი ისედაც სწრაფია. თვე-ნახევარში ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ პოზიციები 27 პუნქტით გაიმყარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მართებულია. ბიზნესმა ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა შეძლოს. დაველოდოთ როგორ განვითარდება  ეკონომიკის განვითარების პროცესი…“

ეროვნული ბანკის პოლიტიკას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ამბობს, რომ კობა გვენეტაძე პროფესიონალია და რაც მთავარია მისი პოლიტიზების ხარისხი ძალზედ დაბალია. მისიაზრით, ეკონომიკისთვის გამყარების ნელი, თანაბარზომიერი ტემპი უფრო მისაღებია. თუმცა ექსპერტთა შორის არის სხვა მოსაზრებაც, კერძოდ ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ექსპერტი შოთა გულბანი: „განვითარებულ სამყაროში ეკონომიკის სიჯანსაღე მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს, თუმცა საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა. ისეთ უთანასწორო სიტუაციაში როგორც საქართველოშია, სავალუტო რყევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების მსყიდველობით უნარზე. შესაბამისად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის გამყარება უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ზიანის მომტანი. ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს იმ მოსახლეობის ინტერესი, რომლებსაც ვალდებულება დოლარში აქვთ და ლარის მცირედი გამყარებაც კი მათთვის დიდი შვებაა…“

ახლა მკითხველმა შესაძლოა იკითხოს — როდემდე და რა ნიშნულამდე შეიძლება გამყარდეს ლარი? კითხვა აქტუალურია, თუმცა კონკრეტული პასუხი არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არაპროგნოზირებადია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0