თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში შრომის ინსპექციის აღდგენის მოწოდებით აქცია ჩაატარეს და პარლამენტის შენობასთან სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების ნივთები მოიტანეს. Sputnik-ის ფოტოფირზე იხილეთ, როგორ მიმდინარეობდა აქცია.
რამდენიმე ათეულმა აქციის მონაწილემ პარლამენტის შენობასთან პლაკატები მოიტანეს: „ვილოცოთ დაღუპულებზე და ვიბრძოლოთ ცოცხლებისათვის“, „თუ იქნება სოლიდარობა-ყველაფერი გამოვა“, „შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა!“.
პროფკავშირების წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ქმედითი ინსპექცია უნდა შექმნას. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისა და მთავრობისადმი სპეციალური მიმართვა მოამზადეს, რომელშიც მოითხოვენ გარანტირებულ 8-საათიან სამუშაო დღეს, დასაქმებულ ქალთა უფლებების გაუმჯობესებას, ახალგაზრდობის დასაქმებას, უმუშევრობის დახმარების გაცემას, სამსახურში უბედური შემთხვევების დაზღვევის კანონის მიღებას, ასევე პროფკავშირების აქტივისტების დევნის შეწყვეტას.
„ეს დღე იმიტომ აღინიშნება, რომ ზოგიერთი ჩინისნის და ბიზნესმენის სიხარბესა და უგულობას „არა!“ უნდა ეთქვას. XXI საუკუნეში ადამიანები დარწმუნებული უნდა იყონ, რომ როდესაც მიდიან სამსახურში, სახლში დაბრუნებას შესძლებენ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
2006 წლის იანვარში ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელიც შრომის დაცვის საკითხებზე მუშაობდა, უწყების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2007-2015 წლებში საქართველოში ტრავმებისგან 356 ადამიანი გარდაიცვალა, 642 კი მძიმედ დაშავდა.