თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. სამეწარმეო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში ფიქსირდება, შემდეგ მოდის მიწისქვეშა სამუშაოები, მეტალურგია და სამაშველო სამსახურები, განაცხადა საქართველოს პროფკავშირების შრომის დაცვის ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით შრომის დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 28 აპრილს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, პროფკავშირის გაერთიანებების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან შრომის ინსპექციის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
„საშიშად ქიმიური ლაბორატორიებიც ითვლება, ასევეა დასუფთავების სამსახური, ცემენტისა და აზოტოვანი სასუქების ქარხნები. ასეთი საწარმოების ხელმძღვანელები მოვალე არიან მაქსიმალურად დაიცვან დასაქმებულთა უსაფრთხოების პირობები, თუმცა ეს, ხშირად არ კეთდება“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ კაკაშვილის სიტყვებს.
ექსპერტის სიტყვებით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, მშენებლობებზე არაკვალიფიციურ მუშახელს ასაქმებენ. გარდა ამისა, მუშები მშენებლობებზე ხშირად დამცავი სათვალეების, ხელთათმანების, სპეცტანსაცმლის გარეშე მუშაობენ, არადა ასეთ ადგილებში მუშაობისას აუცილებელია მათი გამოყენება.
„თითქმის ყველა კომპანია ერიდება დამატებითი ხარჯების გაღებას. აი, მაგალითად, რესპირატორები უნდა შეესაბამებოდნენ კონკრეტულ სამუშაო ადგილზე მტვრის დონეს, მაგრამ რესპირატორები ძველია, მალე ივსება მტვრით და მათი გამოყენება შეუძლებელია. ამიტომ მუშები იძულებული არიან მოიხსნან“, — აღნიშნა კაკაშვილმა.
საქართველოს პროფკავშირებისა და შს სამინისტროს მონაცემებით, 2007-2015 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმის შედეგად 356 ადამიანი გარდაიცვალა, 642 კი მძიმედ დაშავდა. 2015 წელს სამეწარმეო უბედური შემთხვევით 42 ადამიანია გარდაცვლილი, 80-მა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაძიანება მიიღო.