თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმირებას აპირებს, მაგრამ არა მოსახლეობის საზიანოდ, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ პარლამენტში.
ხელისუფლება ღარიბებისთვის დაზღვევის პაკეტის გაფართოებასა და ჩინოვნიკებისთვის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს.
„წელს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შეცვლა და მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადასვლა არ იგეგმება. ჩვენ სისტემაში მხოლოდ გარკვეულ რეფორმებს გავატარებთ“, — განაცხადა სერგეენკომ.
ცნობილია, რომ სამედიცინო მომსახურებასა და გეგმიური მედიცინის სისტემის ხარისხზე კონტროლი დაწესდება.
ადამიანები ექიმს ხშირად მაშინ აკითხავენ, როდესაც დაავადება უკვე მძიმე ფორმაშია გადასული. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ავადმყოფებმა დაავადების პირველივე ნიშნების დროს მიმართონ ექიმს, აღნიშნა მინისტრმა.
„თანაფარდობა ოჯახის ექიმებთან, პედიატრებთან და თერაპევტებთან მიმართვიანობასა და სტაციონარებში მისვლას შორის დღეისათვის 20%-ია 80%-თან. ასე არ უნდა იყოს“, — ხაზი გაუსვა მან.
ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრმა მხარი დაუჭირა პრემიერ–მინისტრის ინიციატივას სამედიცინო დაზღვევის პაკეტების დაყოფის შესახებ მოსახლეობის გაჭირვებული და უზრუნველყოფილი ფენებისთვის.
„ჩვენ მოსახლეობის საჭიროებიდან გამოვალთ. ჩვენ უკვე ახლა გვაქვს განსხვავებული პაკეტები ბავშვების, პენსიონერებისა და დანარჩენი მოსახლეობისთვის“, — განაცხადა მინისტრმა.
კერძო სამედიცინო დაზღვევით დღეს მოსახლეობის მხოლოდ 17,4% სარგებლობს.
ამასთან, არსებობს იმ პირების მონაცემთა ბაზის პრობლემა, რომლებიც კერძო დაზღვევითაც სარგებლობენ და სახელმწიფო დაზღვევითაც.
რამდენიმე ათასი ადამიანია დარჩენილი დაზღვევის გარეშე, ვინაიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ (2013 წ.) სამსახურები დაკარგეს. საქმე ისაა, რომ კერძო დაზღვევიდან სახელმწიფო დაზღვევაზე გადასვლის შემთხვევაში პირს მხოლოდ მინიმალური პაკეტი ეძლევა (ოჯახის ექიმის მომსახურება).
„კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კორპორაციული კერძო დაზღვევა აქვთ, მაგრამ მათზე მაინც გამოიყოფა ბიუჯეტიდან თანხა“, — თქვა სერგეენკომ.
მინისტრმა იმ ხალხს, ვინც კერძო დაზღვევა დაკარგა, მოუწოდა, რომ დახმარებისთვის სამინისტროს მიმართონ. როგორც კი მონაცემთა ბაზას მოაწესრიგებენ, სამინისტრო მაშინვე ჩართავს მათ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს — ისიც მხოლოდ სიმბოლურად, როგორც მასზე პასუხისმგებელი ადამიანი.