თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თსუ-ს სტუდენტებმა ერთთვიანი შუალედის შემდეგ, განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით პროტესტის აქციიები განაახლეს. პროტესტის პირველი ტალღა უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომით დასრულდა. მან თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.
თავდაპირველად „აუდიტორია 115“-ის ძირითადი მოთხოვნა თვითმმართველობის ფუნქციების შემცირება იყო. შემდეგ თვითმმართველობამ რექტორის გადადგომა მოითხოვა. პაპავას წასვლის შემდეგ ორივე აქცია შეწყდა. შემდეგ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან „აუდიტორია 115“-ის კონსულტაციები დაიწყო. სტუდენტები უკმაყოფილოები დარჩნენ. ჟურნალისტებთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ სამინისტრო თვითმმართველობის გაუქმებასა და სტუდენტური კლუბის შექმნას აპირებს, რაც სტუდენტების აზრით, ერთი და იგივე იქნება. სტუდენტურ კლუბს იგივე პრივილეგიები და უნივერსიტეტის ბიუჯეტთან წვდომა ექნება, რაც თვითმმართველობას.
„სამინისტრომ მოგვატყუა და არსებულზე უფრო უარესი კანონპროექტი შემოგვთავაზა“,- თქვა აქციის ერთერთმა ორგანიზარტორმა. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს და მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარები აჭედეს. პირველი კორპუსის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. პროფესორების ნაწილმა მათ მხარი დაუჭირა.
„აუდიტორია 115“-ის ძირითადი მოთხოვნები იგივე რჩება: რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესების შეცვლა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სწავლის საფასურის შემცირება და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება. ასევე სტუდენტები იმ ლექტორების გადადგომას მოითხოვენ, რომელთა განათლების დონე მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება, ასევე უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომლების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.
სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, რასაც პაპავამ, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, მხარი დაუჭირა.
თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას ათამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეუერთდნენ.