თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უნივერსიტეტის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი, განუცხადა ჟურნალისტებს უნივერიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო პაპავამ.
პაპავამ გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი განცხადება. გადადგომას წინ უძღოდა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელთა შიმშილობა, რომლებიც ითხოვდნენ, რომ პაპავას თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ბრალს სდებდნენ მას სპეცსამსახურებთან კავშირსა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
„როცა გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, ეს არავისთან შემითანხმებია და არც ყოფილა არანაირი ზეწოლა… როცა მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ასევე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა… ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც უნივერსიტეტში ხდება“, — თქვა პაპავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
თსუ-ს ახალი რექტორის დანიშვნამდე, პაპავა მის მოვალეობას შეასრულებს.
სიტუაცია თსუ-ში მარტის დასაწყისში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც კანცლერის პოსტზე არჩევნებში თავისი კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა წამოაყენა.
გაფრინდაშვილის კანდიდატურას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ „აუდიტორია 115-ის“ აქტივისტები, რომლებიც მას ბრალს სდებდნენ სპეცსამსახურებთან კავშირში.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მარტის დასაწყისში ასევე საპროტესტო აქციებს მიმართეს და პაპავას გადადგომა მოითხოვეს.
ხუთ დღიანი გაფიცვის, პრემიერ მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ, მათ თავისას მიაღწიეს — გაფრინდაშვილმა 14 მარტს თავისი კანდიდატურა მოხსნა.
თუმცა თვითმმართველობა ამაზე არ გაჩერებულა და ამჯერად ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.