თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ხუთი პრეტენდენტია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ვლადიმერ პაპავამ თსუ-ის რექტორის თანამდებობა მარტის ბოლოს სტუდენტთა საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მას სპეცსამსახურებთან კავშირსა და საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობაში დასდეს ბრალი.
ამ ეტაპისთვის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ ორი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, კიდევ სამი პრეტენდენტის საკითხი განიხილება.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება. მას უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებით 1,3 ათასი პროფესორი აირჩევს.
გამარჯვებული რექტორის მოვალეობებს აგვისტომდე შეასრულებს, შემდეგ ახალ რექტორს აირჩევენ.
მარტში საპროტესტო აქციებს სტუდენტთა ორი ჯგუფი აწყობდა — სტუდენტური თვითმმართველობა და „აუდიტორია 115“. საპროტესტო აქციები „აუდიტორია 115“-მა დაიწყო, მისი წევრები თვითმმართველობის ფუნქციების შემცირებას მოითხოვდნენ, ხოლო თვითმმართველობამ რექტორის გადადგომა მოითხოვა.
„აუდიტორია 115“-ის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები ერთ კვირაში შეწყვიტეს, მაგრამ მასობრივი გაფიცვით დაიმუქრნენ, თუ საქართველოს მთავრობასთან 16 აპრილამდე განათლების სისტემის რეფორმირებაზე ვერ შეთანხმდებიან.
განათლების სამინისტროში შეხვედრით „აუდიტორია 115“-ის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ. მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, რომ უწყება თვითმმართველობის გაუქმებასა და სტუდენტური კლუბის შექმნას აპირებს.
სტუდენტები შიშობენ, რომ საუბარია მხოლოდ დასახელების შეცვლაზე და არა ახალი სტრუქტურის შექმნაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ სტუდენტურ კლუბს იგივე პრივილეგიები და უნივერსიტეტის ბიუჯეტზე წვდომა ექნება, რაც თვითმმართველობას ჰქონდა.