თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნამ აზერბაიჯანში სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნავთობის ერის დასასრული დაიწყო, მაგრამ შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შევსება სხვა სექტორის განვითარებით შეიძლება.
პირველ რიგში, საუბარია ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. მაგრამ არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენს სასტუმროებში ფასები ძალზე მაღალია, ხოლო ხარისხი — არცთუ საუკეთესო. ტურიზმის რა განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი ასეთ ვითარებაში?
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ამ დღეებში კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ნაზიმ სამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სასტუმროებში ფასები 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.
მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში გადაყვანისას აზერბაიჯანში ფასები უფრო მიმზიდველია. „ნოვრუზის დღესასწაულამდე აზერბაიჯანის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 3-4-ჯერ იაფია ქართულ ანალოგებთან შედარებით. ოთხვარსკვლავიან სეგმენტში განსხვავება ორჯერ მეტია“, — მიიჩნევს სამედოვი.
მინისტრის მოადგილე მთავარ პრობლემას იმაში ხედავს, რომ აზერბაიჯანში ორ-სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო ცოტაა, რადგანაც მეწარმეები და ჰოლდინგები მათი მშენებლობით დაინტერესებული არ იყვნენ.
„მაგრამ ინვესტიციებს ამ სეგმენტში უფრო მყარი და სწრაფი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ოთხ და ხუთვარსკვლავიიან სასტუმროებში. ჩვენ ამ მიმართულლებით უნდა ვიმუშაოთ“, — აღნიშნა მან.
„Sputnik აზერბაიჯანმა“ აზერბაიჯანისა და საქართველოს სასტუმროებში ფასები გააანალიზა. ბაქოში, 4 ვარსკვლავიან სასტუმრო Museum Inn-ში ორადგილიანი ნომერი დღე-ღამეში 120 მანათი ღირს, ამასთან ღირებულებაში მხოლოდ საუზმე შედის. ერთადგილიანი ნომერი — 100-110 მანათის ფარგლებშია, თუ სტუმარი რამდენიმე დღე რჩება სასტუმროში, მას ფასდაკლებას სთავაზობენ.
სასტუმრო Park Inn-შიც ასევე მაღალი ფასებია. ნომერი ერთ ადამიანზე 190 მანათი ღირს (დღგ-ის ჩათვლით). ამ ღირებულებაში შედის საუზმე და ინტერნეტი. ორადგილიანი ოთახი, ასევე დღგ-ის გათვალისწინებით, 215მანათი ღირს. ფასდაკლებას მხოლოდ სტუმრების დიდ ჯგუფებს სთავაზობენ.
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში მსგავსი ვითარებაა. Ramada Palace-ში 120 მანათად შეგიძლიათ გაჩერება, თუ ორნი ხართ — 140 მანათად. ღირებულებაში შედის საუზმე და ფიტნეს-დარბაზი. თუ სამ დღეზე მეტხანს გაჩერდებით, 15%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
სასტუმრო Lüks Lənkəran ქვეყნის სამხრეთით შედარებით დაბალ ფასებს გვთავაზობს. ორადგილიანი ნომერი აქ 60 მანათი ღირს, ხოლო ერთადგილიანი — 40, შედის საუზმე.
ნაბრანიში განთავსებულ ტურისტული ზონის სასტუმროებში ფასები 30-100 მანათის ფარგლებში ვარირებს. თუმცა, ზაფხულის სეზონზე, როდესაც ტურისტების რიცხვი მატულოს, ფასები აქაც იზრდება.
რაც შეეხება ფასებს საქართველოს სასტუმროებში, ჟურნალისტ კამილა ალიევას თქმით,რომელიც გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში, თბილისსა და მის მიმდებარე რაიონებში სასტუმროების ფასი 40-200 ლარის (25-130 მანათი) ფარგლებში მერყეობს.
„საქართველოში შეგიძლიათ მონახოთ კარგი სამვარსკვლავიანი სასტუმრო 25 მანათად. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები 35-45 მანათის ფარგლებში მერყეობს. ადვილად იპოვით ხუთვარსკვლავიან სასტუმროს 50-60 მანათად“, — განაცხადა ალიევამ.
ტურისტები ასევე კმაყოფილი არიან საქართველოს სასტუმროებში მომსახურებით. სააგენტოს თანამოსაუბრე ემილ მაგერამოვი ყოველ წელს საქართველოში ისვენებს და მისი სასტუმროებს მომსახურებით ძალზე კმაყოფილია.
„ფასი საქართველოს სასტუმროებში ჩვენ სასტუმროებზე დაბალია. არა მარტო უცხოელები, არამედ ჩვენი მოქალაქეებიც საქართველოში დასვენებას ამჯობინებენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში“, — აღნიშნა მან.