თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ორკვირიანი შესვენების შემდეგ საქართველოში ფეხბურთში ეროვნული პირველობა განახლდება. 2 აპრილს XXII ტურის თამაშები გაიმართება.
თამაში ექვსი ქულისთვის
სათამაშო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გორის“ დილისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრა იქნება. თითოეულ გუნდს 44 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ. როგორც წესი, ასეთ მატჩებს „ექვსი ქულისთვის თამაშებს“ უწოდებენ. თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ამ დუელში გამარჯვებული ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს.
„დილის“ ფეხბურთელები თამაშისთვის დადებითი ენერგიით დამუხტულები ემზადებიან, რაც გასულ ტურში თბილისის „დინამოსთან“ გასვლით თამაშში გამარჯვებამ განაპირობა. თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ ამ წარმატებით „დილამ“ მკვეთრად შემცირა დედაქალაქური გუნდისგან ჩამორჩენა. 11 ქულიანი სხვაობა ნამდვილად არ იძლევა ევროპის ლიგაზე მოხვედრის გარდა სხვა რამის იმედს.
თუმცა თავად ფაქტი, რომ „დინამო“ სეზონზე მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ორივეჯერ უჩა სოსიაშვილის გუნდთან, უკვე მრავლისმეტყველია.
მაგრამ ისეთი სერიოზულ მოწინააღმდეგესთან თამაშში, როგორიც „სამტრედიაა“, შესაძლოა მხოლოდ პოზიტიური განწყობა საკმარისი არ გამოდგეს. მით უმეტეს, რომ დილას პირველი წრის სამწუხარო გამოცდილება აქვს, როდესაც გასვლით მატჩში „სამტრედიასთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
რაც შეეხება „სამტრედიას“, მეორე წრეში გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ, დანარჩენი კი მოიგო. შედეგად, გია ცინცაძის გუნდმა მკვეთრი ნახტომი გააკეთა ევროპის თასის ზონის მიმართულებით.
„დინამოს“ დერბი
საინტერესო მატჩი გაიმართება ქობულეთში, სადაც ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუმცა, სატურნირო თვალსაზრისით, მატჩი მაინცდამაინც საინტერესო არ არის.
ბათუმური გუნდი ძალიან არათანაბარ სეზონს ატარებს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი უკვე გაუშვა ხელიდან. დედაქალაქური გუნდი კი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს სატურნირო ცხრილის თავში და არ გვგონია, რომ შავი ზღვისპირეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნება გაუფუჭდეთ.
და მაინც, ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის იყი პრინციპული. გასულ სეზონზე ბათუმელებმა თბილისელებს ოთხი ქულა აართვეს და სწორედ ამის წყალობით დაკარგა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ჩემპიონობა.
არაფერია დასაკარგი
ასე შეიძლება დავახასიათოთ მატჩი, რომელიც მარტვილში გაიმართება ადგილობრივ „მერანსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მასპინძლებმა თითოეულ მატჩში უნდა ითამაშონ პრინციპით „ხმალი იშიშვლეთ! წინ, გამარჯვებისკენ!“ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილი, სულ 12 ქულა და ხუთქულიანი ჩამორჩენა „მერანელებს“ სხვა არჩევანს არ უტოვებს.
თითქმის ასეთივე მდგომარეობაში არიან სტუმრებიც. თუმცა ერთი პლისით. ვარლამ კილასონიას გუნდი ნეოთხე ადგილზეა და ჯერ ისევ აქვს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი.
ორი წარუმატებლის შეხვედრა
XXII ტური თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ლოკომოტივისა“ და „საპოვნელას“ შეხვედრით დასრულდება.
მასპინძლებს ათი მატჩიდან არცერთი მოგება არ აქვთ. ისინი შვიდჯერ დამარცხდნენ და სამი თამაში ფრედ დაამთავრეს. „თბილისის „ლოკომოტივს“ 17 ქულა აქვს და საპოვნელას სულ ხუთი პუნქტით უსწრებს.
სტუმრები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან. ბოლო ორ ტურში გუნდმა ოთხი ქულა აიღო, თუმცა მანამდე ზედიზედ რვა შეხვედრა წააგო.
XXII ტურის მატჩების ცხრილი:
„დილა“ — „სამტრედია“
„დინამო“ ბათუმი — „დინამო“ თბილისი
„ზუგდიდი“ — „გურია“
„კოლხეთი“ — „ცხინვალი“
„მერანი“ — „სიონი“
„საბურთალო“ — შუქურა“
„ლოკომოტივი“ — „საპოვნელა“
“ტორპედო“ — „ჩიხურა“