თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული პირველობის 21-ე ტური ამ სეზონში ყველაზე მცირეშედეგიანი აღმოჩნდა. რვა გამართულ მატჩში მხოლოდ რვა გოლი გავიდა.
თბილისის „დინამოს“ მეორე წარუმატებლობა სეზონში
თბილისის „დინამო“ ცოტა ხანში თავის ისტორიაში მორიგ ჩემპიონობას იზეიმებს. 14-ქულიანი უპირატესობა მომდევნო კლუბთან შედარებით ძალზე დიდი ჰანდიკაპია, რომლის შემცირებასაც, სავარაუდოდ, ვერავინ შეძლებს.
საკუთარი უპირატესობის გაზრდა და ამის ლამაზად გაკეთება „დინამოელებს“ ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის „დილას“ წინააღმდეგ შეხვედრაში შეეძლოთ. ეს მატჩი გადმოტანილი იყო, ის „დინამო არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შაბათს სტადიონი საქართველოს რაგბის ნაკრებს დაეთმო, რომელმაც რუმინეთს სძლია ანგარიშით 38:9 და ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
უცნობია, დედაქალაქის კლუბის ფეხბურთელები გავიდნენ მინდორზე ძალზე მოდუნებული, თუ „დილა“ იყო საბრძოლველად სათანადოდ განწყობილი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. უჩა სოსიაშვილის გუნდმა „დინამოს“ 12 მატჩისგან შემდგარი უწყვეტი გამარჯვების სერია შეწყვიტა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი შეხვედრის 22-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა.
„დინამოსთვის“ ეს მარცხი სეზონში მეორეა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჯერ კიდევ გია გეგუჩაძის გუნდმა პირველი „ალიყურიც“ „დილასგან“ მიიღო. პირველ წრეში გორელებმა 2:0 გაიმარჯვეს.
დინამო 0:1 დილა#დინამოდილა — მატჩის მიმოხილვა: bit.ly/1MpCJ0q
Posted by FC Dinamo Tbilisi on 2016 წლის 17 მარტი, ხუთშაბათი
„სამტრედია“ კვლავ მეორეა
გასვლით თამაშში ლიდერზე გამარჯვების მიუხედავად ტურის შედეგებით „დილამ“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის გამტკიცება ვერ შეძლო. „სამტრედიაც“ ფხიზლობდა.
„სამტრედიამ“ საკუთარ მინდორზე „ზუგდიდს“ უმასპინძლა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენას ცდილობს. ბესიკ შეროზიას გუნდმა მატჩი წაგებით დაასრულა.
მასპინძლები 33-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის შუა წუთებში კი „ზუგდიდი“ რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩა — მინდვრიდან ვალიკო ტყემალაძე გააძევეს.
ძალთა ასეთი განლაგების გამო სტუმრებს ანგარიში გათანაბრებაც გაუჭირდათ; 74-ე წუთზე შანსი საერთოდ აღარ დარჩა — შერგელაშვილმა დუბლი გაიფორმა და „სამტრედია“ ჩემპიონატის მეორე ადგილს დაუბრუნდა.
„ჩიხურასა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირება
კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მაყურებელმა ორი გატანილი გოლი იხილა, საჩხერეში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ჩიხურამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო.
ორივე გუნდმა ჩემპიონატის მეორე ნახევარი კარგად დაიწყო, რამაც გუნდებს ევროთასის ზონაში მოხვედრაზე ფიქრის საშუალება მისცა. მართალია, სანატრელ მესამე ადგილამდე ჯერ კიდევ შვიდი ქულაა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.
მასპინძლებმა ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი დავით ვოლკოვია. ამის შემდეგ თამაში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ რეალიზება ვერც ერთმა ვერ მოახერხა 72-ე წუთამდე, როდესაც მასპინძლების ნახევარმცველმა მიხეილ სარდალაშვილმა ზუსტი დარტყმით ბურთი მეტოქის კარში არ შეაგდო — 2:0 და „ჩიხურამ“ ზღვისპირეთის კლუბი მეშვიდე პოზიციაზე გადასწია, ხოლო თვითონ მეხუთეზე განთავსდა.
ყველაზე შედეგიანი მატჩი
21-ე ტურში ყველაზე შედეგიანი თამაში ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის გაიმართა. ქობულეთელებმა შეხვედრის დასაწყისშივე ორი გოლი გაიტანეს. გოლების ავტორები არიან თორნიკე მოსიაშვილი და ელგუჯა ლობჟანიძე. მეორე ტაიმის შუა წუთებზე სტუმრები დავით ჩაგელიშვილის გოლმა „მშრალზე“ დამარცხებას გადაარჩინა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მათ უკვე ვეღარ შეძლეს.
საანგარიშო ტურის ყველა დანარჩენი მატჩი ერთნაირად დასრულდა — ფრე ანგარიშით 0:0.
შუქურა 2:1 ლოკომოტივიგოლი: ჩაგელიშვილი#GoLocoGo
Posted by FC Locomotive Tbilisi on 2016 წლის 18 მარტი, პარასკევი
21-ტურის შედეგები:
თბილისის „დინამო“ – „დილა“ – 0:1
„ჩიხურა“ — ბათუმის „დინამო“ – 2:0
„შუქურა“ – „ლოკომოტივი“ – 2:1
„ცხინვალი“ – „ტორპედო“ – 0:0
„სამტრედია“ – „ზუგდიდი“ – 2:0
„სიონი“ – „საბურთალო“ – 0:0
„გურია“ – „მერანი“ – 0:0
„საპოვნელა“ – „კოლხეთი“ – 0:0
საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩები 1 და 2 აპრილს გაიმართება.