თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მორიგი საფეხბურთო უქმეები ჰოლანდიური „ვიტესის“ სასტარტო შემადგენლობაში კაპიტნის გურამ კაშიას დაბრუნებით აღინიშნა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გასული წლის ნოემბრიდან აღარ გამოჩენილა.
საქართველოს ნაკრების მცველმა სრული 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ამან მის გუნდს — „ვიტესს“ ვერ უშველა — გუნდმა გასვლით თამაშში „АЗ“-სთან (Alkmaar Zaanstreek) მინიმალური ანგარიშით წააგო. არნემულმა გუნდმა ოთხ ტურში უკვე ზედიზედ წააგო და ამ პერიოდში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. შედეგად, „ვიტესმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ამ დროისთვის ის უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის ზონაში არ არის.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, რომლის დებიუტიც „ხიმნასტიკში“ გასულ ტურში შედგა, მეორე მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ადელანტეს (ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი) ლიგის XXIV ტურის მატჩში „ხიმნასტიკმა „ჟირონას“ წინააღმდეგ ფრე — 1:1 ანგარიში დააფიქსირა. აბურჯანიამ მინდორზე 90 წუთი ითამაშა და ექსპერტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს.
2015 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა „რეიმსს“ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „რეიმსმა“ გასვლით თამაშში „კანზე“ ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მინდორზე მთელი მატჩის განმავლობაში თამაშობდა, მიიღო მორიგი გაფრთხილება და ყვითელი ბარათების დიდი რაოდენობის გამო „ბასტიის“ წინააღმდეგ თამაში გამოტოვა. ამ გამარჯვების წყალობით „რეიმსი“ მე-16 ადგილზე გადავიდა და გავარდნის ზონას ჩამოშორდა.
ლევან მჭედლიძე მინდორზე სულ ხუთი წუთი იმყოფებოდა, ხოლო მისმა „ემპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის XXIV ტურის გასვლითი თამაში „ატლანტასთან“ ფრე ანგარიშით — 0:0 დაასრულა. „ემპოლი“ ზედიზედ ხუთ ტურში დამარცხდა. ამის გამო კლუბი სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადავიდა და ევროთასის ზონას უკვე 10 ქულით ჩამორჩება.
გიორგი პაპუნაშვილი სარეზერვო გუნდის „ვერდერის“ სასტარტო შემადგენლობაში გავიდა. გუნდი მესამე გერმანულ ლიგაში გამოდის. ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე გატანილი გოლის თანაავტორი გახდა. პაპუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა განახორციელა, რის შემდეგაც რაფაელ კაზიორმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და „ვერდერII“-ს „ვეხენთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს ნაკრების მესამე მეკარემ გიორგი მაკარიძემ „ფეირენსეს“ შემადგენლობაში მორიგი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა კლუბმა გასვლით თამაშში „კოვილიას“ 2:0 სძლია. „ფეირენსმა“ 49 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მეორე პორტუგალიური დივიზიონის ლიდერებს მიუახლოვდა.
გიორგი არაბიძე, რომელიც დონეცკის „შახტიორში“ თამაშობს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩში ვერ ითამაშებს. ქართველმა თავდამსხმელმა უმნიშვნელო ტრავმა მიიღო და მშობლიური კლუბის წინააღმდეგ არ ითამაშებს. გასული წლის ზაფხულში არაბიძე უკრაინულ კლუბში სწორედ „ლოკომოტივიდან“ გადავიდა.