პარასკევი, 1 აპრილი
მხიარული ფლეშმობი საპნის ბუშტებით 1 აპრილს გაიმართება. გასართობი მსვლელობა თავისუფლების მოედანზე 14:30 საათზე დაიწყება და რიყის პარკში სხვადასხვა ღონისძიებებით დასრულდება. ორგანიზატორები გვპირდებიან გაზაფხულს, მხიარულ ემოციებს და მონაწილეობის ყველა მსურველს სთხოვენ, რაც შეიძლება მხიარული ფერის ტანსაცმელი ჩაიცვან.
სამხრეთკავკასიელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოსეანსი მყუდრო კინოკლუბ Frontline-ში 19:00 საათზე დაიწყება. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კინემატოგრაფისტები წარადგენენ საკუთარ სურათებს საზღვრების გადალახვის, ადამიანისა და კონფლიქტის, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების შესახებ. დასწრება თავისუფალია!
ელექტრონული მუსიკის საღამოზე თბილისურ კლუბ Hubble-ში შეგიძლიათ მოხვდეთ, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება. კლუბის სცენაზე გამოვლენ ქართველი დიჯეები Gio Shengelia და Cobert. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ კლუბის შესასვლელში და ამ ვებ-გვერდზე. მოქმედებს Face/Age control!
შაბათი, 2 აპრილი
გალერეა „ვანდა“ ორი ახალგაზრდა მხატვრის — მერაბ გამყრელიძისა და ბექა ჩინჩალაძის ერთდღიან გამოფენაზე გეპატიჟებათ, რომლებიც თბილისში ავტომობილებსა და მოტოციკლებზე თავიანთი შთამბეჭდავი მოხატულობით არიან ცნობილი. ექსპოზიციაზე მხატვრების 40 ნამუშევარს ნახავთ, რომლებსაც თავისუფლების, გემოვნებისა და თანამედროვე სილამაზის თემები აერთიანებს. გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება, შესვლა თავისუფალია.
გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე ფინელი დრამატურგის კრისტიან სმედსის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ყინულოვანი ნახატები“ გაიმართება. რუსულენოვანი დადგმა ფინელ რეჟისორს იარი იუტინენს ეკუთვნის. სპექტაკლში ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნოდან „გრიბოედოველების“ ახალი თაობა მონაწილეობს. სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
„მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფიის საღამო“ ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე იქნება წარმოდგენილი. ქართველი მაყურებელი ნახავს იგორ სტრავინსკის ბალეტ „ფასკუნჯის“ პრემიერას ლეგენდარული ანდრის ლიეპას დადგმით. ლიეპამ 90-იან წლებში აღადგინა ეს ბალეტი და დიდი თეატრის პრიმა ნინო ანანიაშვილთან ერთად შეასრულა. ასევე წარმოდგენილი იქნება ერთაქტიანი ბალეტები „ვარდის აჩრდილი“ კარლ მარია ფონ ვებერის მუსიკის მიხედვით და „შოპენიანა“ — შოპენის მუსიკის მიხედვით. საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ამ ვებ-გვერდზე.
კვირა, 3 აპრილი
ცხოველთა უფლებების დამცველთა საყურადღებოდ! კვირას, 14:00 საათზე უპატრონო ცხოველთა მხარდამჭერი აქცია ჩატარდება. აქციის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემების, მათი უფლებებისა და მათდამი ზრუნვისა და ყურადღების გამოჩენის აუცილებლობის შესახებ. შეხვედრის ადგილი — თბილისის მერიასთან.
ამ უქმეებზე თავბრუდამხვევი საცირკო წარმოდგენა ელოდებათ თბილისელ თუ დედაქალაქის სტუმარ პატარებსა და მოზრდილებს. „გეპარდების სამეფო“ — ეს უნიკალური საცირკო შოუა, რომელიც ექსკლუზიურ და ტექნიკურად ურთულეს ნომრებს მოიცავს. მაყურებელს არენაზე შეეძლება ნამდვილი ვენეციური კარნავალის ხილვა, მონმარტრზე გასეირნება, დიდი თეატრის სცენიდან მსოფლიოს დანახვა და ჩრდილოეთის ციალის ნახვაც კი. და ეს ყველაფერი — ხმელეთის ყველაზე სწრაფი მტაცებლების — გეპარდებისა და სხვა ცხოველების მონაწილეობით. წარმოდგენები გაიმართება 13:00 და 17:00 საათზე.
„მე ვარ შენ“ — ასეთი დასახელების უჩვეულო ინტერაქტიური გამოფენა არტ-კაფე Novella-ში 19:00 საათზე გაიხსნება. თქვენ მხატვარ ლევან სამნაშვილისა და მწერალ ეკა ქევანიშვილის შემოქმედებისა და სამყაროს უნიკალური სინთეზი გელოდებათ. საღამოს დასასრულს კი (21:00) გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ კომპოზიტორ რეზო კიკნაძეს — ლაიველექტრონიკა და საქსოფონი. დასწრება თავისუფალია!
შეგიძლიათ „იცელქოთ“ ალტერნატიული მუსიკის თანხლებით, რომელსაც ქართული როკ-ანსამბლები თბილისურ კლუბ Night Office-ში შეასრულებენ, დასაწყისი — 19:30 საათი. გამოვლენ პოპულარული ბრენდები DuckTape, OutFront, Bedford Falls და Uglyfriendship. მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდება!
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!