თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისში 1 აპრილს საპნის ბუშტების დღე გაიმართება, განუცხადა Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ ამირანაშვილმა.
საპნის მუშტების დღეს ფლეშ-მობი ჩატარდება, რომელიც თავისუფლების მოედანზე 14:30 საათზე დაიწყება და რიყის პარკში დასრულდება.
„ეს იქნება მხიარული, სასაცილო, კაშკაშა ფლეშ-მობი. მასში ჩვეულებრივი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. მოვუწოდებთ ყველა მსურველს, შემოგვიერთდნენ, იქნება ბევრი საპნის ბუშტი, ყველას გაზაფხულს ვაჩუქებთ“, — განაცხადა ამირანაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორების ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მონაწილეები ფლეშ-მობზე ფერადი და არა შავი ან ნაცრისფერი ტანსაცმლით მოვიდნენ.
„ყველას ვთხოვთ, ჩაიცვან ნათელი, ფერადი ტანსაცმელი, ჩვენ ხომ ვიკრიბებით, რომ გაზაფხულს შევხვდეთ, ადამიანებს მეტი პოზიტივი ვაჩუქოთ და ნაცრისფერი დღეები გავფანტოთ“, — აღნიშნა ამირანაშვილმა.
ასეთი ფლეშ-მობი თბილისში პირველად ტარდება. რიყის პარკში ფლეშ-მობის დასრულების შემდეგ ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება.
იდეის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორები არიან შემოქმედებითი აკადემიის Ability interactive learning წარმომადგენლები.