პარასკევი, 25 მარტი
განუმეორებელი სერგეი მაკოვეცკი კვლავ თბილისშია! ამჯერად თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი მაკოვეცკი თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მონოსპექტაკლით — „არაშემთხვევითი შეხვედრა“. მსახიობი წარმოადგენს ფრაგმენტებს საკუთარი სპექტაკლებიდან და დამსწრე საზოგადოებას სამსახიობო ცხოვრებიდან ნათელი მოგონებების შესახებ უამბობს. საღამო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ვებ-გვერდზე.
სულიერი, ფიზიკური და გრძნობითი სრულყოფილების უძველესი ხელოვნების — არომათერაპიის გაცნობა შეგიძლიათ საავტორო სემინარზე „არომატები სულისა და სხეულისთვის“. აქ გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ ინდივიდუალური არომატი და, საერთოდ, რა როლს ასრულებს არომატები ჩვენ ცხოვრებაში.
ველოსიპედის ვნებანი ველოსიპედის ძეგლთან გელოდებათ! აქ მოძრაობა Critical Mass-ის ველოაქტივისტები შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ ამცნონ მთელ ქალაქს და, განსაკუთრებით, ავტომობილების მძღოლებს, რომ მათ გზებზე უსაფრთხო სივრცე სჭირდებათ. მორთეთ თქვენი ველოსიპედები რაც შეიძლება მკვეთრ ფერებში და შეუერთდით ველომოძრაობას!
აღმოსავლეთის ტრადიციებთან და ფილოსოფიასთან მიახლოება პარასკევ საღამოს „კავკასიურ სახლში“ შეგიძლიათ. იქ ვედური კულტურის ცენტრი ყველა მსურველს „იოგა-სუტრას“ ღია ლექციაზე ეპატიჟება. დასწრება თავისუფალია.
შაბათი, 26 მარტი
თბილისში საინტერესო ტრენინგი „ტურიზმის უსაფრთხოება“ ჩატარდება, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისთვის, გიდებისთვის და გამცილებლებისთვის. სემინარზე შესაძლებელი იქნება გაიგოთ იმ მთავარი ფაქტორების შესახებ, რომლებიც მოგზაურობის დროს ტურისტების უსაფრთხოებაზე მოქმედებს, ასევე საფრთხის წყაროებსა და სპეციფიკურ რისკებზე. სამსაათიანი ტრენინგი ქართულ ენაზე ჩატარდება, მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, ასევე ვიდეომასალას. ტრენინგი 11 საათზე დაიწყება.
ყველაზე ლამაზი იტალიური ხალხური ზღაპრების მოსმენა ბავშვებს, ტრადიციულად, მწერალთა სახლში შეხვედრაზე 13:00 საათზე შეუძლიაათ. საბავშვო მწერალი ვასო გულეური იტალიის კულტურისა და ტრადიციების შესახებ საინტერესო ისტორიებს მოყვება. დასწრება თავისუფალია.
ნამდვილ ქართულ ბლუზს გვპირდებიან ბლუზ-ბენდის Кока & T.Blues Mob კონცერტზე. მუსიკოსების გამოსვლა Cross Rider Bar-ში 20:00 საათზე დაიწყება.
„მე ინგრიდი ვარ“ — დიდ მსახიობზე დოკუმენტური სურათის უფასო კინოსეანსი კინომანებს Frontline Georgia-ში ელოდება. რეჟისორ სტიგ ბიორკმანის ფილმში ინგრიდ ბერგმანის შესახებ მისი ქალიშვილი, მსახიობი იზაბელა როსელინი მოგვითხრობს. ფილმში ნაჩვენებია კინოქრონიკის კადრები პირადი არქივიდან, ჩანაწერები, წერილები, დღიურები, რომლებიც ადრე ფართო მაყურებლისთვის წარდგენილი არ ყოფილა, ასევე ინტერვიუ ინგრიდის შვილებთან. კინოჩვენება 19:00 საათზე დაიწყება.
კვირა, 27 მარტი
ყურადღება, სპორტი! ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ძიუდოში თბილისის გრან-პრი გათამაშდება. ტურნირში მსოფლიოს 73 ქვეყნიდან 451 ძიუდოისტი — 273 მამაკაცი და 178 ქალი მონაწილეობს! შეჯიბრება სპორტის სასახლის ახალ შენობაში გაიმართება. წინასწარი ორთაბრძოლები 10:30 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი ბლოკი — 17:00 საათზე.
რომანტიკულ ყმაწვილობაში დაბრუნება შესაძლებელია, თუ თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრს ეწვევით. იქ მუსიკალური ფეერიული ზღაპარი — „ალისფერი იალქნები“ (ალექსანდრ გრინის მიხედვით) გაიმართება. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.
ბრიტანელი მხატვრის აიგანა გალის გამოფენა „ტრამალი“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართულ-ყაზახური ფესვების მქონე მხატვრის სურათი-მირაჟები — ესაა 26 ამაღელვებელი ტილო ყაზახურ ველებზე. კვირა გამოფენის ბოლო დღეა, არ გამოტოვოთ!
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!