თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი მაკოვეცკი 25 მარტს თბილისელი მაყურებლის წინაშე შემოქმედებითი საღამოთი წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.
მაკოვეცკი თბილისელ მაყურებელს შესთავაზებს მონოსპექტაკლს „არაშემთხვევითი შეხვედრა“ – ის წარმოადგენს ფრაგმენტებს საკუთარი სპექტაკლებიდან და დამსწრე საზოგადოებას სამსახიობო ცხოვრებიდან ნათელი მოგონებების შესახებ უამბობს.
მსახიობის საღამო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა (30-100 ლარი) შესაძლებელია თეატრის სალაროებში ან ამ ვებ-გვერდზე.
რუსი მსახიობის საღამო თბილისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქრისა“ და მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.
სერგეი მაკოვეცკი 1958 წელს კიევში დაიბადა. 1980 წელს მან მოსკოვის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა.
1980 წლიდან ევგენი ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში „ძველი ვოდევილები“ (1980). 1989 წელს ფესტივალზე „მოსკოვის თეატრალური გაზაფხული“ სპექტაკლში „ზოიკას ბინა“ შესრულებული როლისთვის პრემია მიენიჭა.
„დიდ“ კინემატოგრაფში მსახიობი პირველად რეჟისორმა ვლადიმირ ხოტინენკომ მიიწვია. მაკოვეცკის კინოში დაახლოებით 75 როლი აქვს შესრულებული, ასევე გახმოვანებული აქვს მულტიპლიკაციური ფილმები.
მსახიობს სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული, არის რუსეთის სახალხო არტისტი (1998), რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2001). 2010 წელს მაკოვეცკის ღირსების ორდენი მიენიჭა, ხოლო 2012 წელს ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში მოსკოვის პრემიის ლაურეატი გახდა.
მსახიობი მრავალრიცხოვანი თეატრალური და კინემატოგრაფიული ჯილდოს ლაურეატია. მათ შორისაა „ოქროს ვერძი“ (1993, 1998), „ნიკა“, „თოლია“, „ოქროს არწივი“, „ბროლის ტურანდოტი“, „კუმირი“ (2001, 2011).
სერგეი მაკოვეცკი დაოჯახებულია.