თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ექვსწლიანი რესტავრაციის დასრულების შემდეგ განახლებულმა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ორენოვანი საექსკურსიო ტურების დაწყების შესახებ განაცხადა, ნათქვამია თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამიერიდან ყოველ შაბათს ოპერის თეატრში სპეციალური საექსკურსიო ტურები ქართულ და ინგლისურ ენებზე მოეწყობა, ხოლო ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს.
„მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას. ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის „შიდა სამზარეულოს“. სტუმრებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს“, — ნათქვამია ოპერის ვებ-გვერდზე.
საექსკურსიო ტურები კლასიკური და თემატური ხასიათის იქნება. თემატური ექსკურსიის ფარგლებში ბალეტის მოყვარულებისთვის დაგეგმილია „პუანტების“ ტურები, ხოლო ოპერის მოყვარულებისთვის — „პრიმადონა“. ორკესტრითა და დირიჟორით დაინტერესებულებს კი „უვერტიურისა“ და „მაესტროს“ ტურის არჩევა შეეძლებათ.
ყოველი ხუთშაბათი იქნება საბავშვო, სასკოლო ტურების დღე. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა სასურველია არ აღემატებოდეს 30-ს. თეატრის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ ოჯახები და პენსიონერები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ტური უფასოა.
პირველი ტური ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყობა შაბათს, 2 აპრილს. ქართულენოვანი ტური 12:00 საათზე გაიმართება, ხოლო ინგლისურენოვანი — 13:00 საათზე.
საექსკურსიო ტურები 7-20 კაცზეა გათვლილი. ტურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაუკავშირდნენ ოპერის საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: 2 00 44 66