31 მარტიდან თბილისის კონოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„დიგნიდადის კოლონია“ (Colonia) — დრამატული თრილერი, მოგვითხრობს გერმანელი ჟურნალისტი დანიელის კოლონიაში — საქველმოქმედო კომუნის სახელს ამოფარებული ნაცისტების ბუდეში გატაცების შესახებ, სადაც მესამე რაიხიდან გაქცეულებს შეუყრიათ თავი. მრევლს კოლონიაში სხეულის დათრგუნვისა და დილიდან დაღამებამდე შრომის სიკეთეში არწმუნებენ. დიგნიდადში მოხვედრა იოლია, მაგრამ უკან დაბრუნება — შეუძლებელი. და დანიელსაც კოლონიის მონად და არაადამიანურ საექსპერიმენტო მასალად გადაქცევა მოუწევდა, რომ არა მისი შეყვარებული გოგონა, სტიუარდესა ლენა, რომელსაც ემა უოტსონი თამაშობს.
„მისია მაიამიში“ (Ride Along) — ამერიკელი რეჟისორის ტიმ სთორის ექშენ–კომედია, 2014 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების ფილმის სიქველი. მთავარი გმირები პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებული ბენი და ატლანტის პოლიციის სამმართველოს დეტექტივი ჯეიმსი არიან. მეწყვილეები მაიამიში მძლავრი და ყოვლისშემძლე ნარკოკარტელის გამოსავლენად და გასანადგურებლად მიემგზავრებიან, მაგრამ ფლორიდაში საქმის სწრაფად მოგვარების გეგმები იშლება — საფრთხის ქვეშ დგება არა მარტო გამოძიება, არამედ ბენის ქორწილიც. ფილმში მონაწილეობენ აის კიუბი, კევინ ჰარტი, ოლივია მანი და ტიკა სამპტერი.
„კლოვერფილდი, 10“ — (10 Cloverfield Lane) — მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, რომლის რეჟისორიც დებიუტანტი დენ ტრახტენბერგია. ფილმის პროდიუსერია „ვარსკვლავურ ომების“ მეშვიდე ეპიზოდის რეჟისორი ჯეი–ჯეი აბრამსი, რომელმაც თრილერს 2008 წლის ფილმის „მონსტროს“ „სისხლისმიერი ნათესავი“ უწოდა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ავტოავარიის შემდეგ გამოფხიზლებული გოგონა აღმოაჩენს, რომ მიწისქვეშა ბუნკერშია მამაკაცებთან ერთად, რომლებიც უმტკიცებენ, დედამიწაზე ქიმიური ომი მოხდა და იქ ცხოვრება შეუძლებელიაო. გოგონა მაინც ახერხებს კოშმარული ბუნკერიდან თავის დაღწევას, მაგრამ გარეთ ის სასიკვდილო საფრთხეს ეჯახება.
გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია: ფანტასტიკური ჟანრის ფილმი სუპერგმირების შესახებ „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟზე“ (Batman v Superman: Dawn of Justice), რომლის ნახვაც აიმაქსში შეგიძლიათ და დრამატული თრილერი ნიკოლ კიდმანისა და ჯოზეფ ფაინსის მონაწილეობით „უცხო ქვეყანა“ (Strangerland).
თბილისის კინოთეატრებში უკვე აჩვენებენ: მძაფრსიუჟეტიან ბოევიკს „ლონდონის დაცემა“ (London Has Fallen), რომელშიც ჯერარდ ბატლერი მონაწილეობს; ამერიკულ ვესტერნს „ჯეინი იარაღს იღებს“ (Jane Got a Gun) — შეუდარებელი ნატალი პორტმანით მთავარ როლში და ფანტასტიკური ფრანშიზის გაგრძელებას „დივერგენტი, თავი 3: კედელს მიღმა“ (The Divergent Series: Allegiant).
ამას გარდა, ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ პაროდიული ჯაშუშური ექშენი „ძმები გრიმსმები“ საშა ბარონ–კოენით მთავარ როლში, ძმები კოენების კომედია „გაუმარჯოს კეკისარს!“ (Hail, Caesar!), კრიმინალური დრამა „სამი ცხრიანი“ (Triple 9), სათავგადასავლო–ფანტასტიკური ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt) და რეჟისორ ტიმ მილერის კომედიური ბოევიკი „დედპული“ (Deadpool).
კინო ბავშვებისთვის: მულტფილმი „ნორმი და ურღვევები“ (Norm of the North), „ზოოტოპია“ (Zootopia) და „კუნგ–ფუ პანდა 3“ (Kung Fu Panda 3).
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!