ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის პროგრამა მაისიდან განახლდება

© photo: Sputnikსამთავრობო კანცელარია
სამთავრობო კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერვიუ მიგრაციისა და ინტეგრაციის სამმართველოს უფროსთან გიორგი ნარიმანიძესთან, რომელიც მიგრანტებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე საუბრობს.

ნინო ცხოიძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსის გიორგი ნარიმანიძის ინტერვიუს პირველი ნაწილის გამოქვეყნებას ემიგრანტთა გამოხმაურება და უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა, რამაც ცხადყო, რომ არის დაინტერესებაც და იმედგაცრუებაც იმ პროგრამის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობით საქართველოს მთავრობა მეორე წელია აფინანსებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს საგრანტო პროგრამების დაფინანსება 400 000-ის ნაცვლად 600 000 ლარი გახდა. რა უნდა იცოდნენ და რა შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები, გიორგი ნარიმანიძისგან შეიტყობთ. გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ნაწილს.

– რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა ქუთაისში დაბრუნებულ ემიგრანტებს დახმარებაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ თანხები გახარჯულია. რამდენად რეალურია ეს პასუხი, ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე ქუთაისსში, თუ რომელიმე მიმართულებაზეა ამოწურული თანხები?

— პროექტი არ შეწყვეტილა, რადგან ხელშეკრულებები საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2016 წლის 18 მაისამდე გვაქვს გაფორმებული. თუმცა არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ყველა მიგრანტს, ანუ ბენეფიციარს მიეცა მოთხოვნილი გრანტი და ბიუჯეტი ამოიწურა. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი განსაზღვრულია რეგიონულ მიმართულებებზე. თბილისში, ასევე, ამოწურულია ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების დაფინანსება. დანარჩენი პროგრამები, მეტ-ნაკლებად, რეგიონებშიც განხორციელების სტადიაშია. ამდენად, დაბრუნებულ მიგრანტებს დარჩენილ დროშიც შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში.

რაც შეეხება ქუთაისს, იქ მოქმედებს ჩვენი ერთ-ერთი მობილურობის ცენტრი, რომელსაც ახორციელებს პარტნიორი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ის პროექტიც გრძელდება და დაბრუნებულ მიგრანტებს მუდმივ რეჟიმში უწევს სარეინტეგრაციო დახმარებას. შეიძლება, რაღაც გარკვეული გაუგებრობა იყო, ან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ განაცხადის შემომტანი მიგრანტები, თორემ პროექტი გრძელდება. შეფერხება არ ყოფილა. პირიქით, მოქმედების არეალს ვაფართოვებთ და დამატებითი დაფინანსების საფუძველზე მაისისთვის დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება უკვე აჭარა-გურიის რეგიონშიც.

გიორგი ნარიმანიძე - Sputnik საქართველო
რას ახვედრებს სამშობლო დაბრუნებულ ემიგრანტებს

– კრიტერიუმების თანახმად, 1 წლით უცხოეთში არალეგალურად ან თავშესაფრის მოლოდინში მყოფ და უკან დაბრუნებულ ემიგრანტებს შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 1 წლისა მიმართოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. როგორც ვიცი, შარშან ადრე დაბრუნებულებსაც ჰქონდათ სურვილი განაცხადის შემოტანის. არის თუ არა გათვალისწინებული ასეთი გამონაკლისი შემთხვევები?

— სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისი რომ დავუშვათ, მაშინ ყველა დაბრუნებული მიგრანტი თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ, რისი შესაძლებლობაც არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგმა გვიან გაიგო, ან ადრე ჩამოვიდა და მაშინ ეს პროგრამები, უბრალოდ, არ არსებობდა. მაგრამ ჩვენი მიზანია, მიგრანტმა სწრაფი სარეინტეგრაციო დახმარება მიიღოს. ადამიანი, რომელიც ბრუნდება სამშობლოში, მიუხედავად პრობლემებისა, ერთ წელიწადში მაინც ახერხებს ადაპტირდებას. მისთვის უკვე ცნობილია სამართლებრივი გარემოც და იცის, პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო დაწესებულებებში, ან რეგიონალურ ორგანიზაციებში ვის უნდა მიმართოს. ახალჩამოსულებს კი უფრო უჭირთ დროულად სერვისების მიღება. სწორედ ამის გარკვევაში ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საგრანტო კონკურსშია გამარჯვებული და ამისთვის დაფინანსება მიიღო. ეს კრიტერიუმებიც აქედან გამომდინარე დაწესდა.

გლობალური დიასპორის კვირეული - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტებს ეხმარება

– გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა თანხები გამოიყო. სოციალური პროექტების დაფინანსების მხრივ წელს არის თუ არა განსხვავება წინა წელთან შედარებით?

— მოგახსენეთ, წელს სარეინტეგრაციო პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. გასული წლის პროგრამებით, მიგრანტს 500-დან 3000-მდე ლარის ფარგლებში შეეძლო მიეღო გრანტის სახით თანხა, რათა მას შემოსავლის წყარო გასჩენოდა. ანუ ეყიდა ის ინსტრუმენტები, ან სხვადასხვა მასალა, რაც კომერციული საქმიანობისთვის დასჭირდებოდა. ამისათვის მას უნდა წარმოედგინა თავისი იდეა და დაესაბუთებინა, რისი შესაძლებლობა ჰქონდა და რა სჭირდებოდა დამატებით. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კომისია სწავლობს ბენეფიციარის ცოდნას, უნარებს და წარმოდგენილ განაცხადს. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კომისია გამოკვეთს იმ მიგრანტებს, რომლებსაც დაუფინანსდებათ მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადი.  

ამჯერად ეს თანხა განისაზღვრება 4 000 ლარით. თუმცა, როგორც ადრე, კომისიის მიერ პროექტის შესწავლის შემდეგ. თუ დადგინდება, რომ ბენეფიციარს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, წარმოდგენილი პროექტი განახორციელოს, მას უფინანსდება განსაზღვრული გეგმისთვის საჭირო მასალების, ან ნივთების შეძენა და ეს არ ნიშნავს, რომ მას ხელზე მიეცემა თანხა.

ამას გარდა, წელსაც ხორციელდება სამედიცინო კომპონენტი, რაც გულისხმობს, რომ დაბრუნებულ მიგრანტებს შეუძლიათ 1000 ლარის ფარგლებში მიიღონ სამედიცინო დახმარება ან, შესაძლებელია, ისინი მედიკამენტებით უზრუნველვყოთ, საჭიროების შემთხვევაში. სწორად მინდა იქნეს გაგებული, რომ არა ყველა მიგრანტს ექნება სამედიცნო დახმარების უფასოდ მიღების საშუალება, არამედ მათ, ვისაც ეს ამ ეტაპზე ესაჭიროება. ანუ, პრიორიტეტი მიენიჭება სიცოცხლისთვის საშიში, მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. ვიდრე ისინი მოახერხებენ, დარეგისტრირდნენ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში და მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას, მანამ ჩვენ გავუწევთ მათ პირველად დახმარებას. ესეც არ გულისხმობს ნებისმიერი დაბრუნებული ემიგრანტის დაფინანსებას, რომლისთვისაც სახელმწიფო პროგრამით პრობლემას არ წარმოადგენს ექიმის კონსულტაცია, ან გამოკვლევების ჩატარება.

მინსკის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ემიგრანტების „აღთქმული კეთილდღეობისკენ“ მიმავალი სახიფათო გზა

– რაც შეეხება ანაზღაურებადი სტაჟირების დაფინანსებას, ზოგი ემიგრანტისთვის გაურკვეველია, რა უნდა ისწავლონ საქართველოში, როცა დიდი გამოცდილებით ბრუნდებიან…

— ამ მხრივაც შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითარდება თანამშრომლობა რეფერალური დახმარების სისტემაზე გადასასვლელად. სახელმწიფოს მომავალში უკვე ექნება ორი ძირითადი პროგრამა, რომელიც დასაქმებას და კვალიფაკიციის ამაღლების კურსების დაფინანსებას გულისხმობს. დაბრუნებული მიგრანტის სურვილის შემთხვევაში მათ გადავამისამართებთ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებში, სადაც ისინი განისაზღვრებიან როგორც პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები. ანუ დაბრუნებული მიგრანტი უფრო პრივილეგირებული იქნება, ვიდრე საქართველოში მცხოვრები მოქალაქე. მათ, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, საშუალება ექნებათ, კვალიფიკაციის კურსები გაიარონ, ან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების სისტემაში ჩაერთონ. 

როგორც ადრეც აღვნიშნეთ, შესაძლოა, ზოგს მოუწიოს სხვა პროფესიით გადამზადება, თავისი პროფესიის ახალი უნარების ათვისება, ან ძველის დახვეწა. ამდენად, საგრანტო კონკურსში გაიცემა სამი ძირითადი სახის სარეინტეგრაციო დახმარება. ეს არის: სამედიცინო დახმარება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსება და ასევე იურიდიული დახმარების კომპონენტიც რჩება. 

რა შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ემიგრანტებმა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტით, რომელიც მაქსიმუმ 4 ღამის გათევისთვის 100 ლარით დაფინანსებას გულისხმობს? მოგეხსენებათ, ბევრია წასული ემიგრაციაში, ვინც ბინა დაკარგა და სამშობლოში ღამის გასათევიც არ გააჩნია

— რა თქმა უნდა, ეს ხშირი და მძიმე პრობლემაა არა მარტო ემიგრანტებისთვის, არამედ უკვე სამშობლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. სამწუხაროდ, ცხადია, ჩვენი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდება. ამდენად ამ ოთხდღიანი საცხოვრისით დაკმაყოფილება გათვალისწინებულია, ძირითადად, იძულებით დაბრუნებული მიგრანტისთვის. შესაძლებელია მიგრანტი იყოს ოჯახით, ან არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ან მას ესაჭიროება დოკუმენტების მოწესრიგება, მითუ ფრო, თუ იძულებით მოხდა მისი თბილისის აეროპორტში დაბრუნება (მოგეხსნებათ, ავიარეისები უმეტესად ღამით ხორციელდება) და ფიზიკურად რთულია მისთვის რეგიონში გამგზავრება. ასეთ შემთვევაში ეს ადამიანები უყურადღებოდ რომ არ დარჩნენ, ვთავაზობთ მაქსიმუმ 4 დღით დროებითი განთავსების საშუალებას. ვითვალისწინეთ, რომ სამშობლოში იძლებით დაბრუნებულ მიგრანტებს, ღამის ფრენის შემთხვევაში, თუ არავინ დახვდება და არსად წასასვლელიც არ გააჩნიათ, აეროპორტში რომ არ მოუწიოთ ღამის გათენება, საჭიროებისამებრ, განთავსდება დროებით საცხოვრისში. შესაძლოა, ვიღაცას მეორე დილამდე დასჭირდეს, ან ორი დღე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მიგრანტი თბილისში აუცილებლად 4 დღე უნდა დარჩეს. ვფიქრობთ, ამის აუცილებლობა ისე ხშირად არ იქნება. ამას გარდა, შესაძლოა, დიდი ხნით სამშობლოდან მოწყვეტილ ადამიანებს არ ჰქონდეს გარკვეული, სად უნდა წავიდნენ, რა სერვისებით უნდა ისარგებლონ. დაბრუნებისთანავე ვაცნობთ არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და, მათი სურვილის შემთხვევაში, მათ ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებათ სათანადო კონსულტაციების დონეზე. 

– როგორც ჩემთვის ცნობილია, პროექტების წარდგენის ორკვირიანი ვადა 21 მარტს დასრულდა. ახლა კომისია მსჯელობს, ვის მიანიჭოს გრანტები სხვადასხვა მიმართულებაზე. არიან თუ არა მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებმაც წინა წელს მიიღეს მონაწილეობა და არიან თუ არა ახალი ორგანიზაციები?

— სამინისტრომ აღნიშნული საგრანტო კონკურსი მარტის დასაწყისში გამოაცხადა. როგორც ვიცი, განაცხადები იმ ორგანიზაციებიდანაც შემოვიდა, ვინც შარშან ისარგებლა სახელმწიფო დაფინანსების საფუძველზე გაცემული გრანტებით და განახორცელეს სხვადასხვა მიმართულებით სარეინტეგრაციო პროგრამები, არიან ახალი ორგანიზაციებიც. კომისია, რომელიც შექმნილია აღნიშნული საგრანტო განაცხადების განხილვისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოავლენს ყველა მიმართულებაზე გამარჯვებულ ორგანიზაციებს. მათთან ხელშეკრულებები აპრილის ბოლოს გაფორმდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0