რას ახვედრებს სამშობლო დაბრუნებულ ემიგრანტებს

© FB/Giorgi Narimanidzeგიორგი ნარიმანიძე
გიორგი ნარიმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ითვალისწინებს დაბრუნებულ ემიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა, ამ თემზე Sputnik-ს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ნარიმანიძე ესაუბრა.

ნინო ცხოიძე
უკვე 1 წელია საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის დახმარებით, ემიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამას ახორციელებს. ამისთვის გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 00 ლარი გამოიყო. პროექტი, რომლის განსახორციელებლად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიპოვა გრანტები, 2 თვეში დასრულდება. თუმცა, გაირკვა, რომ ბევრმა არც იცოდა ამ პროგრამის და ემიგრანტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღების შესახებ.
ხელისუფლებამ პროექტი მიმდინარე წელსაც გააგრძელა. რამდენიმე დღის წინ ახალი განაცხადების მიღება დასრულდა. ამჯერად გრანტებისათვის 600 000 ლარია გათვალისწინებული. გამარჯვებულები აპრილის ბოლოს გამოვლინდებიან. რა დახმარებას უწევს ემიგრანტებს აღნიშნული პროგრამა და რამდენ ბენეფიციარზეა იგი გამიზნული, ამ და სხვა საკითებზე სასაუბროდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს გიორგი ნარიმანიძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო გიორგი, როგორც აღმოჩნდა, ბევრ ემიგრანტს სურს სამშობლოში დაბრუნება და აინტერესებს, რა დახმარების საშუალება არსებობს ქვეყანაში მათი რეინტეგრაციისთვის. რამდენად საფუძვლიანად განხორციელდა პირველ წელს სარეინტეგრაციო პროგრამა, რომელიც მთავრობამ შარშან დაიწყო?

— მოგეხსენებათ, შარშან პირველად გამოცხადდა ასეთი საგრანტო კონკურსი, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაიმარჯვა. მათი ვალდებულება იყო დაბრუნებულ მიგრანტთა სამედიცინო დახმარება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ერთ ბენეფიციარზე 1 ათასი ლარის ფარგლებში); ასევე კვალიფიკაციის კურსების დაფინანსება (ასევე 1 ათასი ლარის ფარგლებში). საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო, ანაზღაურებადი სტაჟირება. დაბრუნებულ მიგრანტს შეეძლო პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში მიეღო ცოდნა და ამ სწავლის პერიოდში ხელფასის სახით ეძლეოდა 300 ლარი თვეში.
– ანუ, ახალ პროფესიას თუ დაეუფლებოდა ბენეფიციარი?
— მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახალს ეუფლებოდა თუ ძველს, რომელიც ემიგრაციაში წასვლამდე გააჩნდა. წლების განმავლობაში თუ მას არ უწევდა ამ პროფესიით მუშაობა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეეძლო განეახლებინა მივიწყებული ცოდნა, ან, პირიქით, არსებული უნარების გაძლიერებაში დავხმარებოდით. ამდენად, ანაზღაურების პარალელურად ჰქონდა დასაქმების რეალური საშუალებაც სტაჟირების გავლის შემდგომ.
ასევე გვქონდა იურიდიული დახმარების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დაბრუნებულ მიგრანტს შეეძლო მიემართა გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მიეღო ადვოკატებისგან კვალიფიციური კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე. აღნიშნული პროგრამა იმითაც იყო საინტერესო, რომ ყველა სახელმწიფო ფასიანი სერვისების დაფინასებაც სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა. მაგალითად, თუ დაბრუნებულ მიგრანტს სჭირდებოდა ქონების რეგისტრაცია, იურიდიულ მომსახურებას უფასოდ იღებდა და ამ ფასიან სერვისებსაც ეს ორგანიზაცია უფინანსებდა.
ამას გარდა გვქონდა და გვაქვს, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სეგმენტი, კიდევ სოციალური პროექტების დაფინანსება. მის ფარგლებში ყველა დაბრუნებულ მიგრანტს, თუ მას აქვს გარკვეული ცოდნის და გამოცდილების შესაბამისი იდეა და უნარები, შემოსავლის გაჩენის მიზნით შეუძლია მიიღოს დაფინანსება. მის მიერ წარმოდგენილ პროექტს სწავლობს სპეციალური კომისია, რათა დადგინდეს, რეალურად აქვს თუ არა ბენეფიციარს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ იდეის განსახორციელებლად.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტების საზოგადოებრივი ინფორმირების პროგრამა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მიგრანტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, დაბრუნების შემთხვევაში ვისთვის მიემართათ აღნიშნული სარეინტეგრაციო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.
– ბატონო გიორგი, არაერთ ემიგრანტს მოუმართავს აღნიშნული დახმარების შესახებ ინფორმაციის გასარკვევად, რომლებთანაც არ იყო მისული სათანადო ცნობა. თქვენი აზრით, რამდენად სრულყოფილად იქნა ათვისებული დაფინანსება და იყო თუ არა გაწეული მუშაობა საკმარისი სწორედ ემიგრანტების ინფორმირების თვალსაზრისით?
— ამ პროგრამის ფარგლებში მომზადდა სოციალური კლიპები, დაიბეჭდა ბუკლეტები და გავრცელდა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი 2015 წლის მაისში დაიწყო, ერთწლიანია და ჯერ კიდევ ხორციელდება.

– მაგრამ ემიგრანტები, რომლებიც დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ, საზღვარგარეთ არიან. მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა აქ გავრცელებული ბუკლეტები?
— ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროც თანამშრომლობს ჩვენ სამინისტროსთან და საკონსულო დეპარტამენტიც ინფორმირებულია ჩვენი სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ. მათ გადაეცათ ბუკლეტები, საკონსულოებსაც ჰქონდათ საშუალება, სამშობლოში წამოსვლის მსურველებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია. შეიძლება ეს არ იყო ფართომასშტაბიანი კამპანია, მაგრამ დაბრუნების მსურველები მაინც მიმართავენ საკონსულოებს, როცა გამოსამგზავრებლად დაბრუნების დოკუმენტის აღება, ან პასპორტის განახლება და ა.შ. სჭირდებათ.
– რა თქმა უნდა, საკონსულოებს ის ემიგრანტები აკითხავენ, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს სამშობლოში დაბრუნება და დოკუმენტები სჭირდება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ემიგრანტები ტერიტორიულადაც შორს არიან ჩვენ წარმომადგენლობებთან და გარკვეული საჭიროების გარეშე არა აქვთ მათთან კონტაქტი. თანაც, შესაძლოა, სურვილი აქვთ დაბრუნდნენ, მაგრამ არ იციან, რა პროგრამა მუშაობს აქ მათ დასახმარებლად და წამოსვლას ვერ ბედავენ…
— რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ინფორმირებულობა იქნება ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დაგვჭირდება ადგილობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის. მაგრამ ვინაიდან უფრო რთულია აწარმოო ეს კამპანია საზღვარგარეთ სამიზნე ჯგუფებთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მივაწოდოთ ინფორმაცია უკვე დაბრუნებულებს, ან თუნდაც ემიგრანტთა ოჯახებს. ამას გარდა, საზღვარგარეთ ამ საინფორმაციო კამპანიის ხარჯები გაცილებით მეტი იქნება.
– თუ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, რამდენ ბენეფიციარს, ანუ დაბრუნებულ ქართველ ემიგრანტს გაეწია დახმარება პროექტის მიმდინარეობის პირველსავე წელს და რამ განაპირობა დაფინანსების 200 000 ლარით გაზრდა?
— ვინაიდან ეს ხელშეკრულებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთწლიანია და სრულდება 2016 წლის 18 მაისს, ჯერჯერობით სრული მონაცემები არ გვაქვს. თუმცა, ამ ეტაპზე დახმარების მსურველი 200-ზე მეტი დაბრუნებული მიგრანტი დარეგისტრირდა, ხოლო დახმარება სხვადასხვა სეგმენტში 130-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია. შესაბამისად, არის სხვადასხვა მიმართულებებზე დარჩენილი კვოტები, რომელთა ათვისებაც მოხდება ამ ორ თვეში.
რაც შეეხება დაფინანსების გაზრდას, იგი განპირობებულია პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალის ზრდით. თუ პირველ წელს პროგრამა მოიცავდა თბილისს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს და სამეგრელო-ზემო სვანეთს, წელს მისი გავრცობა მოხდება აჭარა-გურიის რეგიონშიც.
ბატონ გიორგისთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტით სარგებლობა შეუძლიათ უცხოეთში არალეგალურად და თავშესაფრის მოლოდინში მინიმუმ 1 წლით მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ სამინისტროს და დარეგისტრირდნენ.
წელს განსახორციელებელ პროექტში გათვალისწინებულ სიახლეებსა და წინა წლის შეჯამებასთან დაკავშირებით გიორგი ნარიმანიძესთან საუბარს კვლავ დავუბრუნდებით. ამას გარდა, შემოგთავაზებთ ინტერვიუებს დაბრუნებულ ქართველ ემიგრანტებთან, რომლებმაც აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა კომპონენტით გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლეს, ან ახლა გადიან გადამზადების პროცესს. მანამ კი, ვიდრე პირველი წლის თანხები ზოგიერთ მიმართულებაზე არ ამოწურულა, მსურველებს დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს ცხელ ხაზს ნომრებზე: (+995)32 243 1100; (+995) 32 231 1337, ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.mra.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0