ნინო ცხოიძე
ქართველ ემიგრანტთა უცხოეთში გადინების დინამიკის პარალელურად ემიგრანტული მარშრუტების რაოდენობაც იზრდება. წინა საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულმა ემიგრანტულმა ტალღამ უცხოეთისაკენ მიმავალ გზაზე უფრო მეტი ქართველი და საქართველოს არაქართველი მოქალაქე გაიყოლა. თუ შეიძლება ითქვას, გზის გამკვალავები, უმეტესად, მეზობელ-ნათესავები, კლასელები, ნაცნობები, ან სულაც უცნობებიც ხდებიან. სოციალურად შეჭირვებული თუ პოლიტიკურად დევნილი ადამიანები ხავსის მოჭიდების პრინციპით ცდილობენ ჩააღწიონ იმ ადგილამდე, სადაც „აღთქმული კეთილდღეობა“ ეგულებათ.
გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ოფიციალური გზები რომ გაძვირდა, ბევრმა ადამიანმა გამოსავალი ავტობუსების საბარგულში ჯდომით, ან თურქეთიდან ბულგარეთის მიმართულებით ტყეების ფეხით გავლაში იპოვა. თუმცა ამგვარი სახიფათო გზით ევროპაში შეღწევა ვიზის საფასურზე ნაკლები ნამდვილად არ არის. ამიტომ რისკი დიდია და ადამიანთა დაღუპვის ფაქტებიც არსებობს. როგორც საბერძნეთში მიამბეს, ბევრი ადამაინი გზაში დაიკარგა. ზოგი ცივ ზამთარში ტყეში გაიყინა, ზოგიც ნადირმა შეჭამა. მაგრამ ხალხი ამ გზაზე მაინც მიდის. არიან ისეთებიც, ვინც გარკვეული გასამრჯელო გემის სამალავში მოკალათებისთვის გადაიხადა.
მოგვიანებით, დაახლოებით, 2007-08 წლებში, ემიგრანტებისთვის, რომ იტყვიან, ახალი და თითქოს, უფრო იაფი არხი გაიჭრა. რადგან თბილისიდან მინსკში თვითმფრინავით უვიზოდ ჩასვლა ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ტერასპოლამდე საზღვარზე გადასვლას ზოგი ფეხით და ზოგი მატარებლით ცდილობს. საზღვარზე საბუთების შემოწმებისას პოტენციური ემიგრანტები, მესაზღვრეებს ეუბნებიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან. ასეთ შემთხვევაში, მესაზღვრეების ვალდებულებაა, ისინი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ. ასე გაივსო 2009 წელს პოლონეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე არსებული ლტოლვილთა ბანაკები. თუმცა იქ დარჩენის მსურველებს შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ყოფილან. ისინი ევროპის სხვა ქვეყნებში წასასვლელად მსუბუქ ავტომანქანებს ქირაობდნენ.
პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ პოლონურ ბანაკებში თითის ანაბეჭდების ჩაბარების შემთხვევაში, დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, თავშესაფრის მომთხოვნი იმ ქვეყანაში დააბრუნოს, სადაც იგი პირველად ჩაბარდა. ქართველი ემიგრანტები ამ პრობლემის გამო ადგილსამყოფელ ქვეყანას ხშირად იცვლიდნენ და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებს თავიდან იწყებდნენ. ზოგიერთ ოჯახს რამდენიმე ქვეყნაში გადასვლა მცირეწლავანი შვილებით მოუწია,ზოგი კი — საქართველოში დეპორტაციის შემდეგ ისევ ემიგრაციაში დაბრუნდა.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს გზა თანდათან პოპულარული გახდა. ემიგრანტთა პოლონურ ბანაკებში საკვების, ჰიგიენური საგნებისა და საწოლების ნაკლებობის გამო ანტისანიტარია და სივიწროვე აშკარა რომ გახდა, მესაზღვრეები არალეგალებს საზღვარზე ტოვებენ. პოლონელებმა ემიგრანტთა გზის გასაგრძელებლად ახალი ბიზნესიც წამოიწყეს და ამით კარგადაც იხეირეს.
ავტომანქანით დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, კაცზე —500 ევრო, მთლიანი ოჯახისთვის კი-1600-1800 ევრო ჯდებოდა. იყო შემთხვევა, როცა ქართულმა ოჯახმა პოლონეთში 800 ევროდ მანქანა იყიდა და ამ გზით ჩავიდა საფრანგეთამდე. ამის შესახებ არა ერთი ემიგრანტისგან მომისმენია.
წელს, სექტემბრის შუა რიცხვებში მინსკში ჩასვლით ეს გზა ქართველ ემიგრანტთან ერთად სპეციალურად გავიარე. აეროპორტშივე მცირედი თანხის გადახურდავებისთანავე გავხდით მილიონრები, რამაც საქართველოში არსებული კუპონის პერიოდი გაგვახსენა. აქვე დეკლარაცია შევავსეთ და ქვეყანაში სამი დღით დარჩენისთვისაც სამედიცინო დაზღვევაც შევიძინეთ. აეროპორტიდან მატარებლის სადგურამდე მისასვლელად ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გარკვეული გრაფიკით დადიან, მატარებელი კი მინისკიდან ბრესტამდე, დაახლოებით, 4 საათში ჩადის. ღამით ჩასულები მივხვდით, რომ დავაგვიანეთ და ამიტომ ვაგზლის ტერიტორიაზე მდგარ ერთადერთ ტაქსის მძღოლს ვთხოვეთ, იმ სასტუმრომდე მივეყვანეთ, სადაც ქართველები იქნებოდნენ. ასე აღმოვჩნდი ერთ-ერთი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, რომელშიც საზღვრის დაცვის უწყებასთან შეთანხმებით, მცირედი გასამრჯელოს ფასად (დღე-ღამეში 5 ევრო) ოთახებს უთმობენ ემიგრანტებს.
აქ 20-მდე ქართველი და სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე დაგვხვდა. მათ შორის იყვნენ: მარტოხელებიც, ოჯახებიც, ფეხმძიმე ქალებიც, მცირეწლოვანი ბავშვებიც და მძიმე ავადმყოფებიც კი. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ამ საერთო საცხოვრებელში თვეების განმავლობაში ცხოვრობენ და თითქმის ყოველ დილას, გამთენიისას, ცდილობენ ბელორუსია-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთონ. უმეტესობა უკან, ბრესტში ბრუნდება და ადვოკატების დაქირავებით ცდილობს მიზნის მიღწევას, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშრებული.
სამწუხაროდ, საქართველოში არც ხელისუფლებას, არც მედიას და არც ემიგრაციაში წასვლის მსურველებს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ იმის შესახებ, თუ რა სახიფათო გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს და რომ ამ გზაზე იმაზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე მათ ვიზის მისაღებად ოფიციალურად დაჭირდებოდათ.