თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის, 2016 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთი მესამე ადგილზეა ირლანდიისა და თურქეთის შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან ამ პერიოდისთვის 10,1%-ით გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 117 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრუნვამ რუსეთთან აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 8,3% შეადგინა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 23 მილიონი დოლარი შეადგინა — 8,1% საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობიდან.
მოცემული პერიოდისთვის რუსეთში ექსპორტირებულია ნატურალური ყურძნის ღვინო 7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 3,1 მილიონი დოლარით აღემატება 2015 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს. რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად.
მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 1,2 მილიონი დოლარით და 6,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი – 1,4 მილიონი დოლარით და 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
ციტრუსების ექსპორტი გაიზარდა 518,1 ათასი დოლარით და 590,4 ათასი დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ასევე დაფიქსირებულია იმპორტის ზრდა რუსეთიდან საქართველოში. იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობა რუსეთიდან საქართველოში 4%-ით გაიზარდა და 94 მილიონი დოლარი შეადგინა — საქართველოს იმპორტის 8,3%.
ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული იყო 7,8 მილიონი დოლარის ღირებულების 40 ათასი ტონა ხორბალი, რაც 11 მილიონი დოლარით ნაკლებია, ვიდრე 2015 წლის იანვარ-თებერვალში. ასევე შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი 2 მილიონი დოლარით და 9,2 მილიონი დოლარი შეადგინა.