თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოდან დაახლოებით 26.1 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, აქედან 78,2% რუსეთზე მოდის, — ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასულ წელთან შედარებით, დღეისათვის 4 ათასი ტონა მანდარინით მეტია ექსპორტირებული.
საშუალო ზომის, სწორი ფორმისა და დაუზიანებელი მანდარინის ექსპორტი რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. სამინისტროს ცნობით, სეზონის ბოლომდე 35 ათასი ტონა ციტრუსი გავა ექსპორტზე.
ქართული მანდარინის სიდიდით მეორე ბაზარი უკრაინაა, სადაც, ბოლო მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 14.8%-ია ექსპორტირებული. მას მოსდევს სომხეთი — 3%-ით, აზერბაიჯანი — დაახლოებით 1%, ყაზახეთი — 1,7%, ბელარუსი — 0,93%, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილად 0,3% მოდის.
მანდარინი ამ სეზონზე რუსეთში გავიდა როგორც სახმელეთო გზით — „ზემო ლარსის“ საკონტროლო–გამშვები პუნქტიდან, ისე საზღვაო გზითაც —ბათუმის პორტიდან.
ექსპორტზე მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ციტრუსის გატანის მიზნით, აჭარასა და მაღალმთიან გურიაში მანდარინის ჩაბარება წელს დახარისხება–შეფუთვის ორმოცამდე პუნქტში იყო შესაძლებელი.
რუსეთის ბაზარზე ქართული მანდარინის ექსპორტი, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წელს განახლდა. შედეგად, მანდარინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
ციტრუსის მოსავალი წლეულს ბევრით, დაახლოებით 100 ათასი ტონით გადააჭარბებს შარშანდელს. როგორც ექსპორტზე გასატანი, ისე სამრეწველო გადასამუშავებელი მანდარინის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, — იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბობოყვათელ ჯემალ კონცელიძეს მანდარინის პლანტაცია 0.25 ფექტარზე აქვს გაშენებული. სეზონზე მანდ აახლოებით 8 ტონა მოსავალი მიიღო.
„წელს უხვი მოსავალი გვაქვს, გულს უხარია. ისე კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ მანდარინის რეალიზაციაზე პრობლემა არ გვქონია. არც სტიქიური უბედურებისა მეშინია, იმიტომ რომ ჩემი ბაღი დაზღვეულია და რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი. მთლიანობაში სეზონი კარგი გამოდგა“, — თქვა ჯემალ კონცელიძემ.
ციტრუსის ორგანიზებულად მოკრეფის შტაბი აჭარაში 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა. საკონსერვო ქარხნებმა სამრეწველო გადამუშავებისთვის მიირეს და გადაამუშავეს 9 ათასი ტონა ციტრუსი.
ამ დროისათვის ექვსი საწარმო ყიდულობს და ამუშავებს პროდუქციას: Georgian Industrial Asset Management Group, TCF Georgia, GEO-Flowers, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო–ქედა“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო–ჩოხატაური: და „კულა“.
სამრეწველო მანდარინის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 1.83 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 894.3 ათასი ლარი სახელმწიფო სუფსიდია იყო.
სამრეწველო მანდარინის შემსყიდველი კომპანიები, რომლებიც 1 კგ მანდარინში 20 თეთრს იხდიან, სასოფლო–სამეურნეო პროექტების სააგენტოსგან სახელმწიფო სუფსიდიის სახით 10 თეთრს იღებენ, — იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მანდარინის სუფსიდირების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2016 წელს 2 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სამრეწველო მანდარინს შეისყიდიან.
გასულ წელს საკონსერვო ქარხნებმა 10 ათას 345 ტონა მანდარინი გადაამუშავეს. 2014 წელს ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი მოგება მიიღეს, საიდანაც 1 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო სუფსიდია იყო.