თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის, 2016 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი ლიდერობს იმპორტის საერთო მოცულობაში 43%-იანი წილით, — იუწყება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
2016 წლის იანვარში საქართველოში რუსეთიდან 32,9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ხუთჯერ მეტია 2015 წლის იანვართან შედარებით.
„2015 წელს რუსეთმა 101.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტის შემოიტანა იმპორტზე, რაც მთლიანი იმპორტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ძირითადად საუბარია დიზელის საწვავზე“, — განაცხადა ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ივანე მთვრალაშვილმა.
რუსეთი პირველად გახდა ლიდერი იანვარში მოწოდების კუთხით, ეს თვე კი განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩევა — ეს დასვენების პერიოდია, როდესაც წარმოება ჩერდება, — აღნიშნა მთვრალაშვილმა, ოღონდ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ერთ-ერთ ძირითად მომწოდებელს ტექნიკური პრობლემები გასჩენოდა და ქართულ ბაზარზე მოწოდება ვერ განეხორციელებინა.
„ფაქტი დაფიქსირებულია და ასეთი მოცემულობა არსებობს. რამდენად შენარჩუნდება სტაბილურობა, ამას შემდგომი თვეები გვაჩვენებს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ რუსეთი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ უმსხვილეს შემომტანად და არა უმთავრეს შემომტანად, ვინაიდან მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ამარაგებდა რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და მხოლოდ მათ მოსდევს რუსეთის“, — თქვა მთვრალაშვილმა.
მიმდინარე წლის იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2015 წლის იანვართან შედარებით, მთლიანობაში 17,3%-ით გაიზარდა და 76,6 ათასი ტონა შეადგინა, აქედან ბენზინის იმპორტის წილად მოდიოდა 29.3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავისა — 47.3 ათასი ტონა, — აცხადებენ კავშირში.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2016 წლის იანვარში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინმა — 20,3 ათასი ტონა, ანუ 69,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინმა — 8,2 ათასი ტონა, ანუ 28%, A-98 სუპერი მარკის ბენზინმა — 0,8 ათასი ტონა, ანუ 2,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით საანგარიშო პერიოდში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) — 40,1 ათასი ტონა, ანუ 84,9%, L-62 დიზელის საწვავმა — 6,1 ათასი ტონა, ანუ 12,9%, DT – 1,0 ათასი ტონა, ანუ 2,1%.
ქვეყნების მიხედვით, 2016 წლის იანვარში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, რუსეთის შემდეგ, განხორციელდა: რუმინეთიდან — 17,9 ათასი ტონა (23,4%), აზერბაიჯანიდან — 9,5 ათასი ტონა (12,4%), საბერძნეთიდან — 6,7 ათასი ტონა (8,7%), თურქმენეთიდან — 5,4 ათასი ტონა (7,0%), ბულგარეთიდან — 4,2 ათასი ტონა (5,5%).