თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ვითარება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ ღამეს კვლავ დაძაბული იყო, თუმცა ყველაფერი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე დამთავრდა.
საპროტესტო აქციები თსუ-ში 10 მარტს დაიწყო. აქციის მონაწილე სტუდენტების ძირითადი მოთხოვნა კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა იყო.
ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებების შემდეგ მათ მიზანს მიაღწიეს — გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. თუმცა მანამდე უნივერსიტეტთან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კონტრაქცია მოაწყვეს.
დაპირისპირება
მომიტინგეთა ერთმა ჯგუფმა, რომელიც გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვდა, მეორეს — სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს – უმაღლესი სასწავლების საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ფლანგვაში დასდო ბრალი. ისინი თვითმმართველობის ფუნქციების მინიმიზაციას მოითხოვენ, ასევე მოუწოდებენ თსუ-ის ადმინისტრაციასა და რექტორატს, ამ სტრუქტურისთვის პრივილეგიების მინიჭება არ წაახალისონ.
ამავე დროს, სტუდენტების მეორე ჯგუფი უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს და ბიუჯეტის გაფლანგვის თაობაზე ბრალდებას უარყოფს.
ვითარების განმუხტვას სამართალდამცავები შეეცადნენ. შედეგად, შეხლა-შემოხლა პოლიციასა და სტუდენტური აქციის მონაწილეებს შორის გაიმართა. სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია პოლიციის გადაწყვეტილებამ, უნივერსიტეტის შენობაში არ შეეშვათ ის სტუდენტები, რომლებიც მიტინგში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი სტუდენტი შენობაში შესვლას ფანჯრიდან შეეცადა.
„პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრებათ (განათლების) მინისტრსა და მის მოადგილეს. ასევე უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ უფროსს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“, — სკანდირებდა სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე.
სანამ სტუდენტები შენობაში შეჭრას გადაწყვეტდნენ, მათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე შეხვდნენ.
„ეს საკითხი უნივერსიტეტმა უნდა გადაჭრას. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების მოთხოვნები მოისმინონ. იყო ძალზე დაძაბული და კრიტიკული მომენტები. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი აღარ გამეორდეს.
ხოლო თუ საჭირო გახდება, პოლიციამ და დაცვამ შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ, რათა დაპირისპირება არ მოხდეს“, — განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნინო ქურდოვანიძემ.
აქციები გაგრძელდება
ამ დროისთვის უნივერსიტეტში სიმშვიდეა. თუმცა ცნობილია, რომ სტუდენტები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. უფრო მეტიც, მათ ახალი მოთხოვნები აქვთ — ჟურნალისტებისა და სტუდენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიება, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა ორშაბათს, და დამნაშავეების დასჯა.
მოთხოვნები აქვთ ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მათ მომხრეებს — თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა. ისინი შეიკრიბნენ და რექტორს მისი კაბინეტის შესასვლელთან, დერეფანში ელოდებიან.
„ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გვინდა. ხოლო მოთხოვნა უცვლელია — ის უნდა გადადგეს, რადგან უნივერსიტეტში მართლწესრიგს ვერ უზრუნველყოფს“, — განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
უფრო ადრე, ორშაბათს უნივერსიტეტში ამ ვითარებასთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს სხდომა ჩატარდა. პაპავას შეხვედრის დატოვება მოუწია, რადგან სხდომის დარბაზთან შეკრებილი სტუდენტები რექტორს მიმართავდნენ და სკანდირებდნენ — „გადადექი!“
თუმცა პაპავამ აღნიშნა, რომ რექტორის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
შეუსრულებელი დაპირება
ამ ფონზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან არ ყოფილა წინადადება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას შეისწავლის.
შაბათს სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრმა თამარ სანიკიძემ ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ შეიძლება პარლამენტს მიმართოს.
ამ საკითხის განსახილველად მზადაა კოალიცია „ქართული ოცნებაც“, თუმცა აღნიშნავენ, რომ, რეგლამენტის თანახმად, კომისიის შექმნა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დანაშაულის ჩადენაში თანამდებობის პირია ეჭვმიტანილი.
„საგამოძიებო კომისია იმ შემთხვევაში იქმნება, თუ დანაშაული მოქმედმა თანამდებობის პირმა ჩაიდინა. ამიტომ იდეის ავტორებმა კონკრეტული თანამდებობის პირი უნდა დაასახელონ, რომლის მოქმედებებშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება“, — განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამჟამად უნივერსიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პატრული და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური.