უნივერსიტეტის სტუდენტების აქციამ შედეგი გამოიღო

გამოწერა
გაფრინდაშვილმა თსუ-ის კანცლერის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა, რადგან უნივერსიტეტში უმართავი ვითარება ჩამოყალიბდა და მას უმაღლეს სასწავლებელში დაპირისპირებაზე მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის უფროსი) თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

გოგონა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
თსუ–ს სტუდენტებმა მოთხოვნები წამოაყენეს

თსუ-ის სტუდენტთა ჯგუფმა გასულ კვირაში გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით გაფიცვა დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები გაფრინდაშვილს სპეცსამსახურებთან კავშირში სდებენ ბრალს. პარასკევს მათ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — სენატის სხდომა ჩაშალეს, სადაც გაფრინდაშვილი კანცლერად უნდა აერჩიათ, ხოლო შემდეგ გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც დღეს უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.

„ვხსნი ჩემს კანდიდატურას, თუმცა, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ უნივერსიტეტში დაბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემო. დღეს უნივერსიტეტში უმართავი ვითარება შეიქმნა და, ვფიქრობ, ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააქარწყლებს უნივერსიტეტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს“, — განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ არ შეუძლია უნივერსიტეტში არსებულ დაპირისპირებაზე მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ხაზი გაუსვა, რომ მისი მისამართით წარმოთქმული ბრალდებები აბსურდულია.

თსუ-ის შენობასთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებშიც ასობით ადამიანი მონაწილეობს. აქციები პოლიციის კორდონებით არის გაყოფილი, ერთ მხარეს არიან სტუდენტები, რომლებიც არა მარტო გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, არამედ უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტთან“ (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის სისტემის შეცვლა და თვითმმართველობის ფუნქციების მინიმიზირება სურთ.

კორდონის მეორე მხარეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ისინი უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. ისინი, თავის მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0