თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა უნივერსიტეტს მოთხოვნები წაუყენა.
შეგახსენებთ: თსუ–ს სტუდენტები კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გუშინ სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
„ჩვენი ულტიმატუმი ძალაში რჩება. გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა უნდა მოხსნას“, — ციტირებს „პირველი რადიო“ სტუდენტთა მიმართვას.
ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ:
• დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ;
• მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება;
• შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან;
• მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.
„გაფრინდაშვილის კანცლერის თანამდებობაზე არჩევა პირდაპირ ნიშნავს უნივერსიტეტში პრივილეგირებული ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებასა და თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის მიზანშეუწონლად ხარჯვისთვის ხელშეწყობას“, — ნათქვამია მიმართვაში.
საპროტესტო აქცია თსუ–ს შენობის წინ 15:00 საათზე განახლდა.
თსუ–ს ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა, ხოლო ილიას უნივერსიტეტი საპროტესო აქციაში ჩართვასაც გეგმავს.