თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მისი რექტორი ვლადიმერ პაპავა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ძალზე სწრაფად იპოვიან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თსუ-ში გამართულ საპროტესტო აქციაზე კომენტარისას.
თსუ-ის სტუდენტები გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის უფროსის) თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია. პროტესტანტები გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირში დებენ ბრალს. მათ გუშინ წარმომადგენლობითი ორგანოს — სენატის სხდომა ჩაშალეს, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი ხმამაღლა და მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი თავად რექტორის მიერ. ვფიქრობ, ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ და მე მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც პირადად არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან შექმნილი მდგომარეობიდან ძალიან მალე გამოსავალს“, — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ავტონომია უნივერსიტეტს“ თსუ-ის შენობასთან 15:00 საათზე განახლდება.
თსუ-ის სტუდენტებს სოლიდარობას ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც უცხადებენ. აქციაზე მისვლას გეგმავენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები.