პაპავა: უნივერსიტეტი დათმობებზე ვერ წავა

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხუთშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის წინააღმდეგ, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უნივერსიტეტი ვერ დაარღვევს კანონს, რათა საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან დათმობაზე წავიდეს, — განაცხადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ: თსუ–ს სტუდენტები კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გუშინ სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ. სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა.
„უნივერსიტეტი ვერ დაარღვევს ვერც კანონს და ვერც წესდებას. უნივერსიტეტს არ შეუძლია დღეს რაიმე დათმობაზე წასვლა, იმიტომ, რომ ამოვვარდებით ჩიხიდან. მოთხოვნა ის კი არ არის, რომ უნივერსიტეტმა დაარღვიოს კანონი და წესდება, არამედ სტუდენტები უყენებენ მოთხოვნას პიროვნებას, რომ მან მოხსნას კანდიდატურა“, — განაცხადა ვლადიმერ პაპავამ პრესკონფერენციაზე, რომელიც პორტალმა „კვირამ“ გამართა და რომლის საიტზეც განთავსებულია მისი ამსახველი ვიდეო.

რექტორის თქმით, გაფრინდაშვილის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ შეარჩია, ახლა მას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

„ახალგაზრდა კაცია, მას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ის თავის გადაწყვეტილებაზე დგას. მიაჩნია, რომ რადგან აკადემიურმა საბჭომ, მისმა უმრავლესობამ გამოუცხადა ნდობა, არ უნდა, რომ უღალატოს ამ ნდობას. ოფიციალურად მისი პასუხი ჩემთან იყო ასეთი“, — განაცხადა პაპავამ.

ამასთან პაპავამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.

„არ ვაპირებ გადადგომას. დღე უნივერსიტეტში ძალიან რთული ვითარებაა. არ არის კანცლერი და ახლა რექტორის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი საერთოდ მართვის გარეშე დარჩება“, — აღნიშნა მან.

მანამდე სენატის წევრებმა აქციის მონაწილეებს ორშაბათს შეხვედრა და მათი მოთხოვნების განხილვა შესთავაზეს, თუმცა სტუდენტებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე.

აქცია ლოზუნგით „ავტონომია უნივერსიტეტს“ თსუ–სთან 15:00 საათზე განახლდა.

თსუ–ს სტუდენტებს სოლიდარობა ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებმაც გამოუცხადეს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაში მონაწილეობასაც კი გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0