თსუ-ის სტუდენტთა ნაწილის მიერ გამართულმა აქციამ, რომელიც კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხებოდა, შედეგი გამოიღო. Sputnik-ის ფოტოლენტა აქციის ამსახველ კადრებს გთავაზობთ.
თსუ-ის შენობასთან ორშაბათს ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციები პოლიციის კორდონებით იყო გაყოფილი.
ერთ მხარეს იყვნენ სტუდენტები, რომლებიც კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას და უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტთან“ (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის სისტემის შეცვლა და თვითმმართველობის ფუნქციების მინიმიზირება სურთ.
კონტრაქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები იყვნენ. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომაა.
გაფრინდაშვილმა თსუ-ის კანცლერის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა. ასე რომ, სტუდენტებმა თავისას მიაღწიეს.
თსუ-ის სტუდენტთა ჯგუფმა გასულ კვირაში გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი გაფრინდაშვილის სპეცსამსახურებთან კავშირში სდებენ ბრალს. პარასკევს მათ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — სენატის სხდომა ჩაშალეს, სადაც გაფრინდაშვილი კანცლერად უნდა აერჩიათ, ხოლო შემდეგ გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც დღეს უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.
„ვხსნი ჩემს კანდიდატურას, თუმცა, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს უნივერსიტეტში უმართავი ვითარებაა და იმედი მაქვს, რომ ჩემი გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააქარწყლებს უნივერსიტეტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს“, — განაცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არ შეუძლია უნივერსიტეტში არსებულ დაპირისპირებაზე მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ხაზი გაუსვა, რომ მისი მისამართით წარმოთქმული ბრალდებები აბსურდულია.