თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს, ყოფილი ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება, თავდასხმის ყველა დეტალი გაახსენდა, აცხადებს მისი ადვოკატი ლევან სამუშია.
თბილისის ერთ–ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე პარასკევს მას უცნობმა პირებმა ესროლეს. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. თვითმხილველმა ქალმა ჟურნალისტებს მოუთხრო, რომ დაინახა, ახალგაზრდა მამაკაცი კაპიშონით დიდი ჯოხით როგორ სცემდა ვიღაცას, მაგრამ გასროლის ხმა არ გაუგია.
„ალექსი პეტრიაშვილმა თავდასხმის ყველა დეტალი გაიხსენა. თავდამსხმელებს ჩაქუჩი და ბეისბოლის ჯოხი ჰქონდათ, რომლებსაც თავის, ზურგისა და მუცლის არეში ურტყამდნენ. მათ, ასევე, სავარაუდოდ, მაყუჩიანი პისტილეტი ჯქონდათ,რადგან გასროლას დაბალი ხმა ჰქონდა“,–განაცხადა სამუშიამ ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, პეტრიაშვილისთვის უცნობია ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ადვოკატმა დაამატა, რომ თვითმხილველმა ქალმა იმ დროს დაიწყო ყვირილი, როდესაც პეტრიაშვილი ცემისაგან უკვე გონებას კარგავდა.
„ახლა ყველაფერი გამოძიებაზეა დამოკიდებული“,–დაამატა უფლებადამცველმა.
პეტრიაშვილის დაკითხვის ბოლო ეტაპი რესპუბლიკურ კლინიკაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების“ მუხლით ატარებს. პეტრიაშვილის თანაპარტიელები ითხოვენ მუხლი „განზრახ მკვლელობის მცდელობად“ გადაკვალიფიცირდეს, შსს–ში ეს შესაძლებლობა დაუშვეს.