თბილისი, 1 მარტი —Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ყოფილი ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს როგორც „წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა“, განაცხადეს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა საქართველოს შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ალექსი პეტრიაშვილს უცნობმა პირებმა თბილისის ერთ–ერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე პარასკევს ესროლეს. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და თავისა და ზურგის ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლით. თანაპარტიელები ითხოვენ საქმე გადაკვალიფიცირდეს „წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობის“ მუხლით.
„მოხარული ვართ, რომ შეხვედრა შედგა. მინისტრმა არ გამორიცხა, რომ გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს. ასეთი შესაძლებლობა იქნება, როცა ექსპერტიზის კონკრეტული შედეგები და ანგარიშები დაიდება“, — განუცხადა პარტიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.
რესპუბლიკური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, სადაც პეტრიაშვილი მოათავსეს, განაცხადა, რომ სავარაუდოდ სამშაბათს, საღამოს ექს-სახელმწიფო მინისტრს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ, სადაც სამართალდამცავები მის დაკითხვას შეძლებენ.