თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართულმა მხარემ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად საქართველო კვლავ მიიღებს სომხეთში რუსული გაზის ტრანსპორტირებიდან ტრანზიტის საფასურს ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10%-ის სახით, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, ამასთან საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით, რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული აირის საერთო მოცულობის 10%-ს იღებს. საქართველოს რუსული გაზი არ შეუძენია 2007 წლის შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და „გაზპრომის“ წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულ შეხვედრებს მართავდნენ, რათა შეეთანხმებინათ ახალი კონტრაქტი, რადგან წინა კონტრაქტის ვადა ამოიწურა. კალაძე მანამდე აცხადებდა, რომ „გაზპრომს“ სურს საქართველოს ტრანზიტის საფასური ფულადი კომპენსაციით გადაუხადოს და რომ მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოსათვის დამატებით გაზის მოწოდების საკითხს.
„შეთანხმება გულისხმობს, რომ ჩვენ კვლავ ძველი კონტრაქტის პირობებით, ტრანზიტის საფასურად ბუნებრივი აირის 10%-ს მივიღებთ“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ახალი შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს.
თუკი მომავალ წელსაც საუბარი ამაზე წავა (ფულად კომპენსაციაზე — რედ.) ჩვენ უფრო მყარ პოზიციებს დავიკავებთ“, — დასძინა მინისტრმა.
მიუხედავად მხარეებს შორის უკვე ხელმოწერილი შეთანხმებისა, დღეს დაანონსებულია „გაზპრომის“ წინააღმდეგ მასშტაბური აქცია, რომლის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები არიან.